TAMRA  X  TAMRASKATEBOARDS – ემოციური კოლექცია

    თბილისში Mercedes-Benz Fashion Week დასრულდა. ქალაქში ყველაზე გავლენიანი მოდური ღონისძიება დღეს დაიხურა. საზოგადოებას 5 დღის მანძილზე საშუალება ჰქონდა ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციები დაეთვალიერებინა. კვირეული თბილისში უკვე მეათედ გაიმართა. ღონისძიებას ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი –  სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსი, ფოტოგრაფი და რედაქტორი დაესწრო.

    ძირითადი ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმო. თუმცა, კვირეულში მონაწილეობა ესპანელმა დიზაინერმა, Dominnico-მაც მიიღო. დასკვნით დღეს კი მაყურებელმა VIRGIL ABLOH-ის პროტეჟეს და სოციალური ქსელებში ძალიან მოთხოვნადი ახალგაზრდა დიზაინერის, სამუელ როსის გამოფენაც იხილა. ჩვენებების უმეტესობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ცალკეული ჩვენებებისთვის კი თბილისის სხვა ადგილები შეირჩა.

    ღონისძიების ერთერთი ყველაზე უჩვეულო, ექსტრავაგანტული და როგორც თავად დიზაინერი უწოდებს „ემოციური“ კოლექცია თამრამ წარმოადგინა.  TAMRA  X  TAMRASKATEBOARDS – არ არის მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდი. ეს არის შემოქმედი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ და სამოსით ისტორიის მოყოლას ცდილობენ. “თამრა სკეიტბორდსს” არა მარტო სკეიტბორდსების და street wear-ტანსაცმელს ქმნის, არამედ მუდმივ ინტერაქციაშია ახალ თაობასთან. Mercedes Benz-ის კვირეულზე კოლექციის გამოფენა და პერფორმანსი თამუნა ქარუმიძემ ერთმანეთში გააერთიანა და ორიგინალური ჩვენება მოაწყო. მან ინსპირაცია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანებისგან მიიღო.

      

    „მე ყოველთვის კინოს ვაკეთებ, ვიდრე მხოლოდ ტანსაცმელს. ინსპირაცია არის ძალიან ბევრი რაღაც ერთად, ერთს ვერ გამოვყოფ. ყოველთვის მომწონდა, რასაც აკეთებდნენ ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, არსებული ტანსაცმელებისგან აწყობენ ხოლმე თავის პერსონაჟს. რეალურად იყო კონსტრუირებული გმირები. ემოციები მკარნახობს ხოლმე როგორი უნდა იყოს ჩვენება. ახლაც ასე მოვიქეცი. მიჭირს ავხსნა, რა ემოციით ვაკეთებ ამას“ – ამბობს დიზაინერი Beauty Magazine-თან საუბრისას.

    რაც შეეხება სამომავლო იდეებს, თამრა ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს. „თამრაზე კოლაბორაციებს ვგეგმავთ. იდეების გვაქვს თამრა სკეიტბორდსზეც. სკეიტბორდინგი არა მხოლოდ სპორტი, არამედ ცხოვრების სტილია ჩვენთვის. ბევრი ბავშვია ჩვენი მიმდევარი, გვინდა რომ ბევრი რამ გავაკეთოთ მათთვის, რომ მოტივაცია ჰქონდეთ“ – აღნიშნავს დიზაინერი.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი