თავის მოვლის რუტინა და რჩევები თაკო საზინასგან

    თაკო საზინა ერთ-ერთი პირველი ქართველი ვლოგერია, მაკიაჟისა და თავის მოვლის შესახებ ვიდეოების ჩაწერა მან 2015 წლიდან დაიწყო. მისი რჩევები მალე ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული გახდა. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში თაკოს უამრავი გამომწერი და მიმდევარი გაუჩნდა. თაკოს მიზანია, ქალბატონებს თავის მოვლისა და მაკიაჟის შესახებ რაც შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს.

    როგორ იწყება თქვენი დილა, როგორია თქვენი დილის რუტინა?

    პირველ რიგში იწყება წყლით. ვცდილობ, წყალი ყოველ დილით, უზმოზე დავლიო. შევდივარ აბაზანაში და ვწესრიგდები. ამის შემდეგ თმა, მაკიაჟი და ა.შ. ზოგადად, დილის ძილი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ერთი დიდი ტკივილია ადრე ადგომა. განსაკუთრებით მჭირდება ხოლმე გამოფხიზლება და ამიტომ, მაკიაჟის გაკეთების პარალელურად ვსვამ ყავას.

    რამდენად დიდ დროს უთმობთ მომზადებას სახლიდან გასვლის?

    სიმართლე რომ გითხრათ, ადრე ბევრად უფრო სწრაფი და პუნქტუალური ვიყავი ? ბოლო დროს, ჩემი მომზადების დრო უფრო გაიზარდა და შესაბამისად. დავიწყე დაგვიანებები (მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვიტანდი დაგვიანებას). ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 საათი  მჭირდება (ძალიან თუ მოვინდომე), საშუალოდ კი საათნახევარი. მაგრამ თუ არ ვიცი იმ დღეს რა ჩავიცვა, შეიძლება მოსამზადებლად 2 საათზე მეტიც კი დამჭირდეა. ყველაზე დიდი დრო ჩემს თმას მიაქვს.  სულ ფენით ვიკეთებ ვარცხნილობას, რადგან ბუნებრივად საკმაოდ აფუებული თმა მაქვს. რაც შეეხება მაკიაჟს, ყოველდღიურ მაკიაჟს ძალიან სწრაფად ვიკეთებ, რადგან მხოლოდ ტონალურს და ტუჩსაცხს ვისვამ, მაგრამ როცა საღამოს მაკიაჟს ვიკეთებ, მაშინ იწყება მთელი საფეხურები და ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს. სრულყოფილი საღამოს მაკიაჟის გასაკეთებლად საშუალოდ 1 საათი მჭირდება.

    რომელ პროცედურებს მიმართავთ იმიასთვის, რომ კანი იდეალურად გამოიყურებოდეს?

    თუ ესთეტიკური ცენტრის პროცედურებს გულისხმობთ, მხოლოდ ბიორევიტალიზაცია მაქვს გაკეთებული, ისიც ორჯერ. ვცდილობ, სახლის პირობებში მოვუარო ჩემს კანს. ვფიქრობ, ჯერ ჩემს კანს არ სჭირდება მნიშვნელოვანი, სერიოზული ჩარევები. თუმცა, როცა ამის დრო მოვა აუცილებლად კავიკეთებ ფილერებს.

    როგორ უვლით კანს?

    ძალიან მიყვარს კანის მოვლის რუტინა, შეიძლება სიტყვა რუტინა ცუდად ჟღერს, მაგრამ ისიც შეიძლება იყოს სასიამოვნო, თუ საქმე კანს ეხება. დაახლოებით 2 თვეა მივყვები სახის მოვლის კორეულ რუტინას, არაჩვეულებრივია. ყველას ვურჩევ, რომ სახის კანს კორეული მეთოდით მოუარონ. პროცესი 10 საფეხურისგან შედგება, იწყება მაკიაჟის მოშორებით და მთავრდება ინტენსიური დატენიანებით. ამ რუტინას ძირითადად ღამით ვიტარებ ხოლმე.

    ირუჯებით?

    მხოლოდ მზეზე, არ მიყვარს სოლარიუმი და დიდი ხანია არ მიმიღია რუჯი სოლარიუმში. განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე ზაფხულს და მზეს, ძალიან ღია ფერის კანი მაქვს და მაქსიმალურად ვფრთხილობ რუჯის მიღებისას. გარუჯვას აუცილებლად ვიწყებ დამცავი ფილტრებით, შემდეგ ნელ ნელა ვუკლებ ფილტრის რაოდენობას და ბოლოს გადავდივარ ინტენსიური რუჯის მიმღებ საშუალებებზე. ასე არც ვიწვები და იდეალურ ფერზე ჯდება ჩემი კანი.

    რომელია თქვენი საყვარელი და ყველაზე აუცილებელი პროცედურა?

    პილინგი, არა მხოლოდ სახის, არამედ ტანისაც. ვთვლი, რომ ეს არის თავის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა და ლამაზი კანის მთავარი საიდუმლო. აქედან გამომდინარე, ძალიან მიყვარს სკრაბები. მოკლედ რომ ვთქვა, პილინგი და შემდეგ ღრმა დატენიანება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურებია. როგორც გითხარით, პილინგს ვიკეთებ სხეულზეც. ამის შემდეგ კანი კანსაკუთრებულად რბილი და ნაზია. ასევე ძალიან მიყვარს ტანის ლოსიონები და ზეთები, ვგიჟდები როცა გარუჯულ კანზე ოდნავ ზეთი ან შიმერი მისვია, ძალიან ეფექტურია.

    რომელია თქვენი საყვარელი კოსმეტიკური ბრენდი?

    „კოდალი!“ ვგიჟდები ამ ბრენდზე, ძალიან გოგოშკური, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ბრენდია. „კოდალის“ უამრავი პროდუქტი მაქვს დატესტილი და ყველა მათგანით აღფრთოვანებული ვარ.

    რომელია თქვენი საყვარელი დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი?

    ზოგადად, დეკორატიული კოსმეტიკის უდიდესი მოყვარული ვარ და ცოტა გამიჭირდება ერთის დასახელება. ძალიან მიყვარს „მორფი,“ „ჰუდა ბიუთი“ და „ესენსი.“

    თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ხრიკი ან რეცეპტი, რომლის გაკეთებაც სახლის პირობებშიც შეიძლება?

    დიახ, ყავისგან და ზეითუნის ზეთისგან შესაძლებელია არაჩვეულებრივი სკრაბის მომზადება. ის ღრმად ატენიანებს კანს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.

    რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე?

    ჩემთვის სილამაზე არაა სტანდარტი – კურნოსა ცხვირი, დიდი ტუჩები ან იდეალური ყვრიმალები. ჩემთვის ქალის სილამაზე მისი შარმია, მანერები და ქარიზმა.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი