თეა სურმავა: „იმისათვის, რომ წონაში დაიკლოთ, უნდა ჭამოთ!“

    ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ზედმეტ წონასთან ბრძოლა და სწორი კვების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. გაიზარდა მიმართვიანობა ენდოკრინოლოგებთან და დიეტოლოგებთან, მეტი აქტიურობაა სპორტდარბაზებსა და პარკებში. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხშირად სეზონური ხასიათი აქვს. ამიტომ, დიეტოლოგ თეა სურმავასთან ერთად, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მარტივი რეკომენდაციები. თუ წლის განმავლობაში სწორი კვების რეჟიმით, ჯანსაღად იცხოვრებთ, ადვილად მიაღწევთ სასურველ ფორმებს.

    ქალბატონო თეა, რომელი პროდუქტები უნდა ამოვიღოთ რაციონიდან?

    პირველ რიგში, ყველაზე მავნე პროდუქტი გახლავთ შაქარი. შემემდეგ კი ესენია: მაიონეზი, ტკბილი გაზიანი სასმელები, კარტოფილი ფრი, მარგარინი, სწრაფი კვების პროდუქტები და გადამუშავებული ხორცი: სოსისი, ბეკონი, ლორი (მკვეთრად ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 2) და სიმსივნის რისკს).

    რომელია ის აუცილებელი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება?

    ჩვენი ყოველდღიური რაციონი გაჯერებული  უნდა იყოს ცილით, ცხიმით, ნახშირწყლით, მიკრო და მაკრო ელემენტებით და ვიტამინებით. ამ ყველაფერს კი შეიცავს რძის პროდუქტები, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და თხილეული.

    როგორ უნდა დავიკლოთ წონაში სტრესის გარეშე?

    იმისათვის, რომ წონაში დაიკლოთ, უნდა ჭამოთ! შიმშილი დროებით ეფექტს იძლევა, რაც ანელებს მეტაბოლიზმს და იწვევს სტრესს. თუ დღეში მინიმუმ 3-4 ჯერ თქვენთვის განსაზღვრულ ულუფას მიიღებთ, აირიდებთ სტრესსაც.

    რა რაოდენობის ტკბილეული მიღება არის დღიურად დასაშვები რომ წონაში არ მოვიმატოთ და მოთხოვნილებაც დავიკმაყოფილოთ?

    დღეში 25-30 გრამი შავი შოკოლადი საკმარისია იმისათვის, რომ ტკბილისადმი მოთხოვნა დაიკმაყოფილოთ.

    რამდენჯერ უნდა მიირთვას ადამიანმა დღის განმავლობაში და რა აზრის ხართ საათობრივ კვებაზე?

    ადამიანმა დღეში 4-5 ჯერ უნდა მიირთვს. სპეციალისტის მიერ, თითოეული პაციენტისთვის უნდა განისაზღვროს დღიური რაციონის რაოდენობა (საუზმე, ხემსი, სადილი და ვახშამი). კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს 3 საათი. საათობრივი კვება რთული დასაცავია, ამიტომ ჯობია პაციენტმა თავად განსაზრვროს საკვების მიღების დრო.

    თუ არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც დღის რომელიმე მონაკვეთში არ შეიძლება?

    ხილი გახლავთ ის პროდუქტი, რომელიც დღის პირველ ნახევარში უნდა მივიღოთ. ეს კი, სასურველია იყოს სადილამდე.

    რა სახის ფიზიკური დატვირთვა არის რეკომენდებული წონაში დასაკლებად და რა ინტენსივობით?

    სწორ კვებას + ვარჯიში = იდეალურ სხეულს და ჯანმრთელ ორგანიზმს. კვირაში ორჯერ ან სამჯერ ძუნძული, ან ფეხით სიარული საკმარისია იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სხეულის ლამაზი ფორმა.

    რა სახის ანალიზებია საჭირო სანამ სწორი კვების რეჟიმზე გადავალთ?

    სწორი კვების რეჟიმის დაცვა სასურველი და აუცილებელია ყველა ადამიანისათვის. ბავშვს რაც უფრო პატარა ასაკიდან შეაჩვევთ სწორ კვებას, მით უფრო ხელს შეუწყობთ მის ჯანსაღ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ამ დროს სასურველია ჩავიტაროთ თმის ანალიზი, რომლის მეშვეობითაც დგინდება მიკრო და მაკროელემენტების ბალანსი ორგანიზმში.

    როგორ ხდება სწორი კვების დანიშვნა და რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს სპეციალისტმა?

    „სწორი კვება“ უნდა დაინიშნოს ინდივიდუალურად. სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის  გემოვნება, აქტივობის ხარისხი და შეძლებისდაგვარად მოარგოს მის გემოვნებასა და რეჟიმს.

    როგორ უნდა მოვიქცეთ უმადობისა და წონის დეფიციტის შემთხვევაში?

    წონის დეფიციტის შემთხვევაში აუცილებელია ვიპოვოთ ამ მდგომარეობის გამომწვვი მიზეზი. უნდა განისაზღვროს ჰორმონალური დისბალანსი, დღიური კალორაჟი, აქტივობის დონე, საკვების შეწოვის ხარისხი და სხვა.

    როგორ ხდება წონის შენარჩუნება დაკლების შემდეგ?

    წონის შენარჩუნება უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით: სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობით და წყლის სწორი მიღებით.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი