ვინ თქვა ამსტერდამი მოსაწევის და მეძავების ქალაქიაო?

    1 თებერვალს, 7 დაღლილი ქართველი ჰოლანდიის გზას გავუდექით. თვითმფრინავში მთვრალი ქართველი კაცები რაღაცებს ხუმრობდნენ და გამცილებელსაც გვარიანად მოუშალეს ნერვები, მაგრამ მერე მიიძინეს. სადღაც ევროპის თავზე მსუბუქ ტურბულენტობას რომ ვებრძოდით, ყველას თავისი ფიქრები ჰქონდა – ზოგს, ალბათ, რა მოეწია… ზოგს რა გაესინჯა, რა ენახა… მე კიდევ – ძლივს ცოტა გავხდი და რაღა ახლა უნდა მოვკვდეთქო. ეს დრამა იმით დამთავრდა, რომ ცოტა უცნაურად დაგვსვა პილოტმა, მაგრამ ტაში მაინც დაუკრეს მის გმირობას.

    ეინდჰოვენში ჩავფრინდით. პირველად ვნახე, რომ პასპორტის კონტროლზე ქართველი თარჯიმანი იდგა და “ნოუ ინგლიშ” მგზავრებს მესაზღვრესთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა. გავიარეთ კონტროლი და მაშინვე საპირფარეშოებში გადავნაწილდით.

    პირველი შთაბეჭდილებაც სწორედ საპირფარეშოში მივიღე: იმ განწყობით შევედი, ზედმეტად არაფერს რომ არ უნდა მიეკარო… მაგრამ არა, უსუფთავესი იყო ყველაფერი, უკომფორტულესი და მოვლილი. ხელსაწმენდები მომეწონა ძალიან – ნაჭერი დევს რაღაც აპარატში, მოქაჩავ, გაიმშრალებ და თავისით იკეცება (მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება და უთოვდება იქვე, ხელახალი გამოყენებისთვის).

    ეინდჰოვენიდან ამსტერდამში ავტობუსით წამოვედით. იქ კიდევ მეტროში ჩავსხედით და მალევე ამოვყავით თავი ცენტრში.

    განწყობა ასეთი მქონდა: მე მაინც არ ვეწევი და ქალაქს დავათვალიერებ. 2 თებერვლამდე ამსტერდამი მხოლოდ სექსმუშაკებთან და მოსაწევთან ასოცირდებოდა ჩემთვის. მაგრამ რადიკალურად სხვა შთაბეჭდილებებით ვარ ახლა.

    ეს ორი (თუ რამდენიცაა) ქუჩა ამსტერდამის ცენტრში არის იმათთვის, ვინც მოსაწევის და სექსის გამო ჩადის – ყველა მანდ დადის (ძირითადად 18-25 წლის ბიჭები), ფულს ხარჯავენ, ეწევიან (ყველგან მარიხუანას სუნი დგას), ჭამენ, მრუშებს ათვალიერებენ და ზოგჯერ თვითონაც მრუშობენ.

    მაგრამ იმის იქით საოცარი ქალაქია! ულამაზესი ქუჩებით; საოცარზე საოცარი სახლებით; მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი; ცოტა და ძირითადად მაგარი მანქანით, ბევრი ველოსიპედით; სულ სადღაც რომ ეჩქარებათ ეგეთი ხალხით; ხელჩაკიდებული, ლამაზად ჩაცმული მოხუცებით; სახედაბრაწული უქუდო ბავშვებით (მე რომ ვიყინებოდი ისინი ისე დადიოდნენ, ვითომც არაფერი); ტრამვაის ხმით; პატარა, კუსკუსა რესტორნებით; ეკლესიის სამრეკლოს ზარებით და საოცარი მუზეუმებით.

    სანამ წავიდოდი უამრავი რამ წავიკითხე “Top 20 things to do in  Amsterdam” სათაურით და დაახლოებით ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. ჩემი მთავარი მიზანი რემბრანდტის სახლში მოხვედრა და მისი ნახატების ახლოდან ნახვა იყო. რემბრანდტიც ვნახე, ვან გოგიც, ვერმიერიც, საიმონ მარისიც და სტუმრად ჩამოსული რუბენსიც!

    ბევრი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა ვერ მოვასწარი, მაგრამ რც მოვასწარი კარგი იყო. რაც მთავარია, ამსტედამში დაბრუნების სურვილიც მაქვს და კონკრეტული სამომავლო გეგმებიც. საკმაოდ საინტერესო მოგზაურობა იყო და თავს უფლებას მივცემ რამდენიმე რჩევაც გაგიზიაროთ.

    მოიარეთ ქალაქი ფეხით

    თქვენი არ ვიცი, და მე ფეხით სიარული ყველაფერს მირჩევნია. ავტობუსებიც ხომ არის, ნავის ტურებიც, ველოსიპედით გასეირნებაც, მაგრამ არც ერთი გამომიყენებია. ისეთი ქუჩებია ამსტერდამში, რომ იქ რამდენიმე წამით ვერ ჩაივლი. ზოგ სახლთან უნდა დადგე და უყურო, ფოტოები გადაიღო, შიგნით შეიჭყიტო. ზოგი სახლი ისეთი ვიწროა, რომ მხოლოდ ერთი კარი და ერთი ფანჯარა აქვს, მაგრამ ისეთი ლამაზია, ყველას ისეთლი ლამაზი შესასვლელი და სახურავი აქვს, რომ თვალს ვერ მოწყვეტ! გგონია, რომ აი ახლა იქიდან გობლინი გამოვა, ან ვინმე ფიფქრია რამეს გადმობერტყავს. ყველგან წყალია, ყველგან ნავები, არხებზე ლამაზი ხიდები გადადის და ზოგი მათგანი განათებულია. “სტარბაქსიც” არის, მეტი რა უნდა უნდოდეს ჩემნაირ ადამიანს ბედნიერებისთვის?

    ხო კიდევ, ძალიან რომანტიულია, ზედმეტად რომანტიული! ისეაო, ესაო, პარიზიო, არა ბატონო! ამსტერდამის ქუჩები!

     ქოფი შოფები

    მეგობრებთან ერთად რომ მიდიხარ და ამ მეგობრებს ერთი სული აქვთ, როდის შევარდებიან coffee shop-ში, ამასთანაც შეგუებული უნდა იყო. ცენტრში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქოფი შოფია და შესაბამისად, ყველა მათგანი მოვიარეთ. ძირითადად იმედგაცრუებულები ვრჩებოდით, მაგრამ რამდენჯერმე ზედმეტად გაგვიმართლა 🙂 რჩევა – რამდენიმე სხვადასხვა ადგილას უნდა იყიდო მცირე რაოდენობით და რომელიც გაამართლებს მერე სულ იქ უნდა იარო.

    რედ ლაით დისთრიქთი

    იგივე “წითელი ფანრების კვარტალი” არის რამდენიმე ქუჩა, სადაც წითლად განათებულ ვიტრინებში შიშველი, მოვლილი, ძირითადად ლამაზი ქალები დგანან, კოცნებს გიგზავნიან და გეპატიჟებიან შიგნით. დადიხარ და ათვალიერებ ამ ქალებს, უღიმი და ცდილობ შენი კეთილგანწყობა დაანახო (თუ რაღაცნაირი ქალური სოლიდარობა). ბიჭები მიდიან, ფასზე თანხმდებიან, შედიან და ფარდაც იწევა. შიგნით რა ხდება მაგის ნახვაც თუ გინდა ეგეთებიც არის, მთლად იქვე რომ გაყურებინებენ. ზოგადად, ფოტოების გადაღება აკრძალულია, პატივი ეცით მეძავებსო – აწერია ვიტრინებს.

    ამავე ტერიტორიაზე არის ეროტიკის მუზეუმი. 7 ევრო ღირს შესვლა (თუ სწორად მახსოვს). ფოტოები, ფალოსები, სექს სათამაშოები, რაღაც დანადგარები, დოკუმენტური მასალები, პლასტმასის მანეკენები და რა აღარ არის. ჩვენ ძაან გავერთეთ, მაგრამ “ეს რა ვნახე” არ არის.

    საჭმელი

    ყველანაირი საჭმელია ამსტერდამში: ბურგერებით დაწყებული, ზღვის პროდუქტებით დამთავრებული. მე ძირითადად ვრაპებს გეახლებოდით, ისიც ორ საათზე. სუპერმარკეტებშია ძალიან გემრიელი რაღაცები – მზა სალათები და სენდვიჩები. ზოგადად, სადმე ერთი შესვლა საშუალოდ ადამიანზე 15 ევრო გვიჯდებოდა. მაგრამ უფრო იაფად და გემრიელადაც შეიძლება, აი ამ მარკეტების მზა საჭმელის მეშვეობით.

    ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიები

    ამსტერდამის ქუჩებში, მათ შორის რემბრანდტის სახლის ჩამოყოლებაზე, ძალიან მააგარი ვინტაჟური მაღაზიებია. არ ვიცი სად იპოვეს ამდენი ძველი და ასე კარგად შენახული ტანსაცმელი. თუ განსხვავებულად ჩაცმის მოყვარული ხართ აუცილებლად იპოვით რაიმე მაგარს. მე ერთი პალტო მომეწონა, 50 ევრო ღირდა, მაგრამ ვერსად ჩავტენიდი და ამიტომ ვერ ვიყიდე.

    ბარები

    პარასკევს და შაბათს, ქალაქის ცენტრში ყველგან “ჰენგოვერებია” – მოწევა, დალევა, ჭამა, ცეკვა და მერე გარეთ ღრიალი. ყველაზე ბევრი და მხიარული ადამიანი Rembrandtplein -ზე ვნახე. ეს არის ამსტერდამის შუა გული, მოედანი, რომელიც Booking.com-ის შენობით დავიმახსოვრე.

    სექს შოპები

    რედ ლაითის მიმდებარედ უამრავი სექს შოპია, სადაც სულო და გულო, ყველაფერია: ვიბრატორები, სათამაშოები, ტანსაცმელი, კრემები… თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, ძალიან კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან. ვიბრატორის ფასი საშუალოდ 100 ევრომდეა. თუ ყიდვას არ აპირებთ, შესვლა და გართობა მაინც ღირს.

    ტკბილეული

    ჩემი მთავარი ცხოვრებისეული ცდუნება ნაცხვრებია, უფრო ზუტად, “ტარტალეტკა.” რა ვიცოდი, ამდენ “ტარტალეტკას” ერთად თუ ვნახავდი! უზარმაზარი ნამცხვრები, ვაფლები კრემებით, გიგანტური მარწყვებით, შოკოლადებით… და ჩუროსები! 3 დღე ვითმინე და მერე ტარტალეტკაც გავსინჯე და ჩუროსიც! ალბათ გამართლებაზეა – “ტარტალეტკა” რამდენიმე ლუკმა მივირთვი და მორჩა. ჩუროსი გემრიერლი იყო, მაგრამ იმდენ ზეთში იწვება, რომ ვერც ეგ ვჭამე ნორმალურად. დიეტა დავარღვიე მაგრამ გამიმართლა რომ არ მომეწონა. ისე, იცოცხლე, საოცრად გამოიყურება ყველაფერი.

    მუზეუმები

    ზემოთ ვთქვი კიდეც, რემბრანდტის სახლ-მუზეუმში ვიყავი. მისი ლოგინი, სამუშაო ოთახები, საინტერესო ნივთების კოლექცია და სახელოსნო ვნახე. მთელ დღეს გავატარებდი იქ, დანარჩენები რომ არა. ეს ადგილი აუცილებლად მოინახულეთ. მეთექვსმეტე საუკუნის სახლია და ნამდვილი საოცრებაა შიგნიდან. დროში მოგზაურობას ჰგავს.

    ასევე, აუცილებლად ნახეთ ვან გოგის მუზეუმი და Rijksmuseum. ეს უკანასკნელი ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების ნამდვილი საცავია. აქ ვნახე რემბრანდტი, ვან გოგი, ვერმიერი, საიმონ მარისი და რუბენსი.

    თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც მოინახულეთ, უცნაური, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ინსტალაციებია. კარგი ფოტოები გამოგივათ 🙂 მაგრამ თუ ვერ ნახეთ, გულიც არ დაგწყდეთ.

    ალმასის მუზეუმის ნახვა ვერ მოვასწარი და ალბათ შემდეგ ჩასვლაზე ვნახავ.

    ფრთხილად ველოსიპედებთან

    აქ ფეხით სიარულის ნაცვლად ველოდიპედებით დადიან. ყველგან ველოსიპედი დაქრის, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. ფეხით მოსიარულე  ამსტერდამში პრივილეგირებული არ არის. ველოსიპედი თუ მოდის არ დაგითმობთ, არ შეჩერდება, თუნდაც მწვანე ენთოს ქვეითებისთვის.

    ბოლო რჩევა: ჩაიცვით თბილად! 🙂

     

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი