5 ფუნჯი რომელიც ყველას უნდა ჰქოდეს!

    არ აქვს მნიშვნელობა როგორ მაკიაჟს ანიჭებ უპირატესობას – ყოველდღიურს, მსუბუქს თუ უფრო მკვეთრს და მძიმეს… ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული ქალის „არსენალში“ უნდა იყოს სხვადასხვა სახეობის ფუნჯი, რომელიც დაგეხმარებათ დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

    იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ბევრმა არ იცის რომელი ფუნჯი რისთვის გამოიყენება, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ე.წ. ნაკრები დამწყებთათვის…

    ფუნჯი ტონალურისთვის

    სახის კანზე არსებულ დეფექტებს ყველაზე კარგად ჩვენი კანის ტიპიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შერჩეული ტონალური კრემი ფარავს. თუმცა, ხარისხიანი ფუნჯის გარეშე რთულია კრემის თანაბრად გადანაწილება და “უნაკლო კანის” ეფექტის მიღება. ძირითადად, ორი სახეობის ტონალურის ფუნჯი არსებობს: ერთი უფრო ბრტყელია, მეორეს კი შედარებით „მოჭრილი“ თავი აქვს. რომელს აარჩევთ თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა მაკიაჟის მოყვარულთა შეფასებით, მეორე ვარიანტი უფრო მრავალფუნქციურია. მისი მეშვეობით შეიძლება როგორც თხევადი, ასევე უფრო სქელი სტრუქტურის ტონალურის და პუდრის, ან ბრონზერის დატანაც კი. დასაწყისისთვის ეს ვარიანტი უფრო მისაღები იქნება.

    ფუნჯი პუდრისთვის

    ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია თქვენს ნაკრებში. ტონალურის დატანის შემდეგ (ან თუნდაც მის გარეშე), ფუნჯის საშუალებით პუდრი იდეალურად ნაწილდება მთელს სახეზე. თუ პუდრის მთელს სახეზე წასმა არ გინდათ, შეგიძლიათ წაისვათ მხოლოდ იმ ზონებზე, სადაც კანი მეტად ცხიმიანია. ეს აგარიდებთ ცხიმოვან ბზინვარებას სახის გარკვეულ ადგილებში და თქვენს იერს უფრო სრულყოფილს გახდის. იდეალური შედეგისთვის შეეცადეთ შეარჩიოთ თქვენს სახეზე კარგად მორგებული ფუნჯი. მისი ზომის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი სახის ზომა/მოყვანილობა.

    ფუნჯი რუჟისთვის

    რუჟი უფრო ჯანსაღ და ბუნებრივ იერს აძლევს სახეს, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ფუნჯის სწორად შერჩევა. ის არ უნდა იყოს ზედმეტად მაგარი. მსუბუქად უნდა ანაწილებდეს რუჟს ლოყების შემაღლებულ ადგილებზე, რათა იდეალურად შეერწყას ტონალურს ან პუდრს, რუჟის ფერი კი ნაზად გადავიდეს კანის ფერში. არ დაგავიწყდეთ, რომ სწორად შერჩეულ და წასმულ რუჟს შეუძლია ასაკი მოგვაკლოს!

    დახრილი ფუნჯი კონტურინგისთვის

    მსგავსი ტიპის ფუნჯი მოგცემთ ნაკვთების გამოკვეთის და სწორი აქცენტების გაკეთების საშუალებას.  დახრილი ზედაპირის საშუალებით, ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება.

    თვალის მსხვილი ზომის  ფუნჯი

    თქვენს ნაკრებში მისი არსებობა აუცილებელია! აქვს სხვადასხვა ფუნქცია… მისი დახმარებით შეიძლება ჩრდილების დატანა და ფერების იდეალურად გადანაწილება. რაც მთავარია, ის აქრობს მკვეთრ ზღვარს ფერებს შორის, რაც მაკიაჟს სრულყოფილ იერს სძენს.

    ნებისმიერი ფუნჯის შერჩევისას ადგილზე გატესტეთ ის და  დარწმუნდით, რომ ხარისხიანია, არ არის ზედმეტად მაგარი ან პირიქით, ზედმეტად რბილი. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი