რეპროდუქციული სისტემის სრულფასოვნად ფუნქციობა და ჯანმრთელობა ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყურადღების მიღმა არასოდეს უნდა დატოვოთ. ამ მიმართულებით არაერთი არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული და დამკვიდრებული.
ამერიკელი გინეკოლოგი, დოქტორი ჯენ განტერი, თავის წიგნში იმ მავნე მითების შესახებ გვიყვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაქრეს. წარმოგიდგენთ, ვაგინასა და ვულვასთან (ქალის გარეთა სასქესო ორგანო) დაკავშირებულ 5 ყველაზე მავნე მითს, რომელიც აუცილებლად უნდა დაივიწყოთ.
1. სურნელოვანი ხილის მირთმევა ვაგინის უსიამოვნო სუნს გააქრობს
25 წლიანი მუშაობის მანძილზე ამერიკელმა გინეკოლოგმა განტერმა ვაგინასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მითი გამოავლინა. თუ ქალის საშოში არასასიამოვნო სუნი დგება, ეს შესაძლოა ინფექციით ან დაავადებით იყოს გამოწვეული, რისთვისაც გინეკოლოგს უნდა მიმართოთ. საკვები ამ მხრივ გავლენას ვერ იქონიებს.
2. ორსულობის დროს სექსი ნაადრევ მშობიარობას იწვევს
ორსულობის დროს, ქალბატონებს ხშირად ეშინიათ პენეტრაციის რადგან ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა მშობიარობა გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სურვილი აქვთ, შიშის გამო თავს იკავებენ. განტერის თქმით, ეს არაფერია თუ არა ურბანული ლეგენდა. პენისი საკმარისად ძლიერი არ არის რომ მშობიარობა გამოიწვიოს. რაც შეეხება დაბალი რისკის ორსულობის მქონე ქალებს, ორსულობის დროს სექსი უსაფრთხოა, თუმცა სასურველია თქვენი გინეკოლოგი საქმის კურსში ჩააყენოთ. ხოლო მათ, ვისაც საშვილოსნოს ყელის პრობლემების გამო მაღალი რისკის მატარებლები არიან, გინეკოლოგმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ პენეტრაცია სასურველი არ არის. ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) თანახმად, ამ რჩევას ნამდვილად შეუძლია გაზრდილი რისკის შემცირება.
3. საუკეთესო ორგაზმი გექნებათ თუ იპოვით თქვენს ,,ჯი წერტილს’’
ყველას გვსმენია ეგრედწოდებული G-Spot – ის შესახებ. განტერის თქმით, ადგილი, რომელიც საშოს კედელში ზემოთ მდებარეობს და რომელიც მამაკაცმა პენისით ,,უნდა იპოვოს’’ არ არსებობს. გამოკვლევების თანახმად, ყველა ორგაზმი კლიტორის სტიმულაციით დგება. პირველად ჯი წერტილის კონცეფცია გერმანელმა მკვლევარმა, ერნესტ გრაფერბერგმა თავის ნაშრომში, 1950 წელს აღწერა. განტერმა სავარაუდოდ მიიჩნია, რომ გრაფერბერგმა უბრალოდ ნერვული დაბოლოებები გადაიტანა კლიტორის ნაწილში. რადგან ჯი წერტილი ახალი აღმოჩენაა და მისი არსებობა არ დასტურდება.
4. ვაგინა შიგნიდან სპეციალური პროდუქტებით უნდა გაიწმინდოთ
აფთიაქებში აუცილებლად იპოვით ბრენდებს/პროდუქციას, რომლებიც ქალის ვაგინისა და ვულვის სისუფთავისთვის არის შექმნილი. სინამდვილეში, ეს პროდუქტები მავნეა. ჯემ განტერის თქმით, საშოს აქვს თავისი გამონადენი, რომელიც სისუფთავეს ბუნებრივად უნარჩუნებს. თქვენ მიერ გამოყენებულმა პროდუქტმა კი შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ვაგინას. გავრცელებული მეთოდებია სუნამოს მისხმა, დუშით გამორეცხვა და ჰიგიენური სპრეის გამოყენება. განტერი ამტკიცებს, რომ ყოველივე ეს კლავს იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რაც ვაგინის ბუნებრივ ლორწოშია.
5. ბუნებრივი ტამპონები და ჰიგიენური საფენები ცუდია ვაგინისთვის
განტერის კვლევების თანახმად, ბუნებრივ და ორგანულ ტამპონებში არ არის იმ რაოდენობის ქიმიკატები, რომ შეშფოთების მიზეზი გქონდეთ. ტამპონები მომხმარებელს ათასობით უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე პირის ღრუში მოხვედრილი ნებისმიერი საკვები.
ავტორი: თამო მათნაძე