ჩვენება, რომელზეც დიდხანს ილაპარაკებენ – აკა ფროდიაშვილის დაუვიწყარი შოუ მოდის კვირეულზე

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეული 30 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრები და ჩვენებები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართა.

    ეს სტანდარტულად, ნიუსურად. ისე კი, სინამდვილეში ასე იყო:

    რამდენიმე დღით ადრე “სტამბაში” ჩემს მეგობარს და მოდის ბლოგერს, გიგა უჩუვათოვს შევხვდი. დავიწუწუნე – აკრედიტაცია დამაგვიანდათქო. აღმოჩნდა რომ სულაც არა… და ორ წუში გიგამ Beauty Magazine-ის სახელით დამარეგისტრირა. სხვათა შორის, ეს Beauty Magazine-ის პირველი მოდის კვირეულია. გადავხედე 31 ოქტომბრის განრიგს და პირველი, რაც თვალში მომხვდა (არადა ბოლოს ეწერა), აკა ფროდიაშვილი იყო.

    ამ დღეს ფილარმონიაში LIYA-ს და AVTANDIL-ის ჩვენებებიც იმართებოდა. მე სტანდარტული სამუშაო დღე მქონდა – უამრავი მეილით, საქმეებით და ბავშვით, რომელიც “დამტოვებელს” ელოდებოდა. LIYA-ს და AVTANDIL-ს ვერ მივუსწარი და დაგვიანებულ ჩვენებაზე მისვლას ისევ აკასთან წასვლა ვამჯობინე. ბევრი არც მიფიქრია, უცებ გადავიცვი და ქიქოძეზე, Buyers-ში წავედი.

    ადრე მივედი. შესასვლელთან აკა იდგა. ბნელოდა და ვერ ვიცანი. ცოტა გაკვირვებულ აკას ჩავუარე და შენობაში შევედი. პირველი შთაბეჭდილება მაინც ყველაზე მაგარი იყო – წითლად განათებული ფართო კიბეები სადღაც ზემოთ ადიოდა დასურულებლად. ცოტა რომ ვიარე, მივხვდი, რომ ძალიან ადრე მივედი და ჯერ ემზადებოდნენ. უკან გამოვბრუნდი. უკანა გზაზე აკა დავინახე და ჩვენების ბოლოს ინტერვიუზე შევუთანხმდი.

    იქვე “ვოლვერში” ყავა დავლიე და 10 რომ ეკლდა “ბაიერსთან” დავბრუნდი (საოცარი შენობაა ისე). უახლოეს 15-20 წუთში უამრავი ადამიანი მოგროვილიყო. Mercedes-Benz Fashion Week-ით დაბრენდილი მანქანებიდან საინტერესოდ ჩაცმული საერთაშორისო სტუმრები ჩამოდიოდნენ. სახეზე ვერ ვიცანი, მაგრამ მივხვდი, რომ მათი აზრი და დასწრება მნიშვნელოვანი იყო. უგრძელეს რიგში ხალხი ეწეოდა, ლაპარაკობდა, იცინოდა, საკუთარი თავი მოსწონდა და დანარჩენები უხაროდა. მეც ბედნიერი ვიყავი, რადგან იმას ვგრძნობდი, რასაც ევროპის ქვეყნებში ვგრძნობ ხოლმე – ყველა მშვიდი და ბედნიერი იყო. მოპირდაპირე შენობის ფანჯრიდან მოხარშული წიწიბურას სუნი გამოდიოდა და ამ უამრავი ადამიანის სუნამოსა და სიგარეტის სურნელს არაგამაღიზიანებლად ერეოდა.

    ვიდექი ასე და მერე გამახსენდა რომ პრესა ვიყავი. ცოტა ხალხი შევაწუხე, კართან მივედი და ვიკითხე თუ შემიშვებდნენ. შემიშვეს. მერე საერთაშორისო სტუმრები შემოიყვანეს და ამის შემდეგ ნელ-ნელა დანარჩენებმაც დაიწყეს შემოსვლა. ჩვენება კიბეებზე გაიმართებაო და მეც კიბესთან კარგი ადგილი დავიკავე.

    სად იყო და სად არა, მერლინ მონრო მოვიდა და იატაკზე დაწვა – ზედა სართულიდან გადმოვარდნილივით. ხალხი შემოეხვია და ფოტოების გადაღება დაიწყეს (როგორც სხვისი ტრაგედიისას ძირითადად ხდება ხოლმე). მალე სირენების ხმა ჩაირთო, შემდეგ კი მერლინის სიმღერა, რომელიც მან პრეზიდენტს უმღერა. ესეც შოუს დასაწყისიმეთქი – ვიფიქრე.

    ამასობაში კიბეებზე დადგომის უფლება მოგვცეს და რამდენიმე სართულით ზემოთ ავიწიე. მერე ნაცნობმა გამოიარა, აქ რა გინდა წამოდიო. მერლინი ქვემოთ დავტოვეთ და ზევით ავედით. სტუმრებს შორის საცხოვრებელი ბინებიდან თავგამოყოფილი მეზობლებიც იყვნენ.

    თურმე მთელი ამბავი ზემოთ ყოფილა: ჯერ წითლად განათებულ ოთახში შევედი, სადაც ცენტრში ღვინის ბოთლებით და ყვავილებით გაფორმებული მაგიდა იდგა (სხვათა შორის, აივანზეც ულამაზესი სუფრა იყო გაშლილი, თავის სანთლებით. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა), მერე უფრო განათებულ, სარკეებიან ოთახში შევედით, სადაც პრესის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფები, ოპერატორები იდგნენ. მოვიმარჯვე ჩემი XR და ჩვენებაც დაიწყო. მერლინიც მალე შემოვიდა.

    აკა ფროდიაშვილზე, როგორც ახალ ტალანტზე Beauty Magazine-მა ადრეც დაწერა, მაშინაც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მიმოხილვა (ოღონდ ინტერნეტში ნანახი ფოტოებით). მაშინ გავიგე, რომ აკას სტილი drag სულაც არ ნიშნავს ნარკოტიკს და რომ drag პერფორმანსია, როდესაც მამაკაცს ქალის ტანსაცმელი აცვია ან პირიქით, ქალს აცვია მამაკაცის ტანსაცმელი.

    შოუ დაიწყო ისეთი, როგორი მოლოდინიც მქონდა. ზემოთხსენებული drag პერფორმანსით, ძალიან სექსუალური და ამავდროულად დახვეწილი სილუეტებით, განსხვავებული მაკიაჟით, გოთიკური გარეგნობით და მენსონის თვალებით. არ იფიქროთ, რომ რაიმე დოზით, სადმე ვულგარულობა იგრძნობოდა. აკას ნამუშევრებში იდეალურად იყო დაცული ბალანსი თამამს, ლამაზსა და სექსუალურს შორის. თითოეულ მოდელს თავისი ენერგეტიკა, ისტორია მოჰქონდა. ისინი მხოლოდ სამოსს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ თავის ამბავსაც… და მხოლოდ ტანსაცმლით კი არა, თავისი ქცევით, გამომეტყველებით, ჟესტებით. მოკლედ, ფილმში ვიყავით და ჩემი ძალიან ჩვეულებრივი ჩაცმულობის მიუხედავად მეგონა, მეც მათსავით თამამი და განსხვავებული ვიყავი. ეს ასეა, აკას ნამუშევრებს რომ უყურებ, გინდა რომ უფრო თამამი იყო ვიდრე ხარ და ის თქვა, რაც აქამდე არ გითქვამს.

    ჩვენებაში ნინა სუბლატი და ელენე კალანდაძეც მონაწილეობდნენ (ელენე მიკროფონით ხელში გამოვიდა). პარალელურად მოდელები კიბეებზე ჩადიოდნენ და ამოდიოდნენ, თან ქუსლებით,თან რამდენიმე სართულზე!

       

    შოუ ისე არ დასრულდა როგორც ველოდებოდი. მე ხომ პირველად ვიყავი ფროდიაშვილის ჩვენებაზე. არ ვიცოდი, რომ ორმაგად შთამბეჭდავი დასასრული მელოდებოდა. შოუს ბოლოს, სავარაუდოდ BWV-დან (Bach Werke Verzeichnis – იოჰან სებასტიან ბახის ნაშრომების კატალოგიდან) ერთ-ერთი პრელუდია ჩაირთო და ორღანის ჰანგების ფონზე, მოდელები წითლად განათებული ოთახიდან აივანზე გავიდნენ. ლამაზად გაფორმებული სუფრის გარშემო შეიკრიბნენ და პოზირება დაიწყეს. ეს კიდევ ერთი წარმოდგენა იყო, რომლის გამოტოვებაც არავის უნდოდა.

    არ ვიცი, შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ ეს ორღანი, სუფრა და მის გარშემო შეკრებილი მოდელები  საიდუმლო სერობის სიუჟეტს მივამსგავსე, ოღონდ გოთიკური ელემენტებით და აკასთვის დამახასიათებელი პროტესტით, რომელიც შოუს თან ახლდა.

    ბოლოს აკაც გამოვიდა. მე რომ თვალი მოვკარი უკვე ჩაკოცნილი და მილოცვებ მიღებული იყო. ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს.

    შეპირებული ინტერვიუ აკასთან

    მილოცვების და კოცნების ტალღამ რომ ჩაიარა აკა აივანზე გამოვიჭირე. ყველგან პომადიანი ტუჩები ეტყობოდა. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია, საკმაოდ გულწრფელი და ყურადღებიანი. გამიხარდა რომ არ დავავიწყდი. შევპირდი, ბევრ დროს არ წაგართმევ მეთქი და დავიწყეთ.

    “მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ეს უკვე ჩემი მესამე სეზონია. ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ ჩართული და ყველა მოდელი ჩემთან ღმად არის დაკავშირებული, მათი ცხოვრებაც კარგად ვიცი და ვხვდები როგორ შეიძლება წარმოაჩინონ საკუთარი თავი. თითოეულ მოდელს ინდივიდუალურად მოვარგე სამოსი. ეს არ არის უბრალოდ Runway და ახალი კოლექციის ჩვენება. ეს არის ახალი პერსონაჟების ჩვენება, რომლებიც შემდგომში შეიძლება სხვისი შთაგონების წყაროც გახდნენ. ძალიან ინდივიდუალურები არიან და სიღრმისეულად ვეძიები ხოლმე მათ მთავარ, დამახასიათებელ დეტალებს, რომ ეს ყველაფერი პოდიუმზე წარმოადგინონ.”

    რაც შეეხება ახალ კოლექციას,

    “ეს სეზონი მივუძღვენი იმას, რომ ნამუშევრები LGBT უფლებების მთავარი დამცველის, მერლინ მონროს გახმაურებული მკვლელობის ჭრილში წარმოვადგინე, ოღონდ უფრო მხატვრულად და აბსტრაქტულად. კოლექცია მხატვრული ელემენტებით არის დატვირთული და არა კომერციული ელემენტებით. ასეთ წარმოდგენებს ჩემგან უკვე მიეჩვივნენ და ახალი არ ყოფილა.”

    რატომ მერლინი?

    “მერლინ მენსონმა მერლინი დაირქვა იმის გამო, რომ სილამაზესთან ერთად მძიმე გოთიკური ელფერი შეეტანა იმიჯში. მერლინ მენსონი ძალიან მიყვარს, ყოველთვის დიდი არტისტების შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და სიღრმისეულად ვეძიები დეტალებს, რომლებსაც მერე ვაკავშირებ და ვარგებ კოლექციას, რათა სანახაობრივად უფრო წარმატებული აღმოჩნდეს.”

    აკას ჩვენების მერე IERI STORE-ს პრეზენტაციაზე წავედი. იქ ვნახე თეო, და გავიცანი ნათელა ფოცხვერია, “იერის” PR და Marketing მენეჯერი და ჩემი დაკვირვებით, ძალიან მაგარი გოგო.

    “იერიზეც” მოგიყვებით.

     

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი