DALOOD-ის სოციალური გზავნილი მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში რამდენიმე გამორჩეული ჩვენება გაიმართა. ერთ-ერთი იყო Dalood-ის კოლექციის წარდგენა.

    ჩვენება ფილარმონიაში, სუპერ შთამბეჭდავად დაიწყო. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ორმა მოდელმა მიიქცია – არმინე არუთინიანმა და ინგა აფრიკიანმა.

    პირველი არმინე გამოვიდა – წითელი პიჯაკი ეცვა, წითელი როლინგი და ტყავის შავი შარვალი. არმინეს ყველა ელოდებოდა, მაგრამ პირველი რომ გამოვიდა უფრო დიდი ეფექტი მოახდინა (თან ამ წითელი ფერით, რომელსაც თვალს ვერ აშორებ). საკმაოდ ეფექტური იყო პოდიუმზე და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქეჯნაც ვიგრძენი, თავიდან რატომ არ მომეწონა-მეთქი. რეალურ ცხოვრებაში მისი შარმი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ფოტოებზე. მშვენივრად აიარ-ჩაიარა და ამაყად გავიდა კულისებში. წითელი ფერით, ამაყი გამომეტყველებითა და თავდაჯერებულობით მან პოდიუმზე გზავნილი დატოვა, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს ბულინგი. არმინეს მოყვნენ დანარჩენები.

    [მოდელების სიარულის მანერა და გამომეტყველება იყო ძალიან თავდაჯერებული, ამაყი. თითოეული მათგანის ნაბიჯებში იგრძნობოდა ძლიერი ქალის ხასიათი]

    კოლექცია როგორი იყო იცით? მოდელები რომ გამოდიოდნენ, თითქმის ყველაფერზე ვიძახდი მინდა-თქო.

    ფერები: წითელი და შავი; წითელი, შავი და თეთრი; შავი და ლურჯი; შავი და ვარდისფერი; ყავისფერი და ყვითელი; ერთი-ორი ჭრელიც… შავი იყო დომინანტი.

    ლაკის ან ტყავის მაღალყელიანი ჩექმა თითქმის ყველა ლუქის შემადგენელი ნაწილი იყო. თვალში მომხვდა ტყავის ქვედაბოლოები, ტყავის შარვლები, თრენჩი, კაბა, ორეული… მოკლედ, ტყავი ამ კოლექციაში აქტუალური იყო.

    მარტივი, დალაგებული, მოწესრიგებული სილუეტებით, კარგად შეხამებული ფერებით, ოვერსაიზ და ცოტა 80-იანი წლების სტილით იდეალური რამ გამოვიდა.

    რაც შეეხება მეორე მოდელს, რომლის გამოსვლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ეს გახლდათ ქალბატონი ინგა აფრიკიანი, რომელიც ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობს. მაკა კვიციანმა თავის ჩვენებაზე ის Dze Georgian Project-ის ფარგლებში გამოიყვანა. გამოვიდა თუ არა მეცნო და ვიფიქრე – ალბათ რომელიმე ცნობილი უცხოეული მოდელია-მეთქი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ქალბატონი ინგა Dze Georgian Project-ის წარდგენის ვიდეოშიც მონაწილეობს (აი თურმე საიდან მეცნო).

    ძალიან ლამაზია.

    View this post on Instagram

    @daloodtbilisi @makakvitsiani #mbfashionweektbilisi

    A post shared by BeautyMagazine (@beautymagazine.ge) on

    [მაკა კვიციანსაც და ინგა აფრიკიანსაც Dze Georgian Project-ის სპეციალური სამკლაურები ეკეთათ]

    View this post on Instagram

    @daloodtbilisi @makakvitsiani #mbfashionweektbilisi

    A post shared by BeautyMagazine (@beautymagazine.ge) on

    ჩვენების დასასრულს ბექსთეიჯში შევედი. ქალბატონი ინგა დავინახე და გამოველაპარაკე. კმაყოფილი იყო და ნასიამოვნები. ძალიან გახარებული ვარ… კიდევ კარგი, წინასწარ არ ვნახე ამდენი ხალხი, თორემ შემეშინდებოდაო. 

    ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუ რომ დაასრულა, მაკა კვიციანთანაც მივედი. კოლექციაზე და ჩვენების მთავარ გზავნილზე ვისაუბრეთ.

    ეს იყო ანტი ბულინგ კამპანია/აქცია. მინდოდა ყურადღება მიმექცია ამ თემისთვის. ყველამ კარგად ვიცით რა ხდება, როგორ ვერჩით ერთმანეთს სოციალურ ქსელში, ცოტა ხნის წინ კი არმინეს გადაუარეს. ეს იყო ჩემი პროტესტი, რომ არ მინდა ვიცხოვრო ისეთ საზოგადოებაში, სადაც ერთმანეთს ასე აბულინგებენ.”

    მეორე ქალბატონს რაც შეეხება, ეს არის ქალბატონი ინგა ძეგვის თავშესაფრიდან. მივეცით იმის საშუალება, რომ დაგვესაქმებინა და გამოსულიყო ჩვენს ჩვენებაზე.”

    [შთაგონება]

    ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ქალი, რომელსაც წლიდან წლამდე ვავითარებ, ვზრდი… მინდა იყოს ძლიერი, გაალამაზოს და გააძლიეროს სხვა ქალები. მიხარია თუ ეს მუხტი თქვენზეც გადმოვიდა.”

    არმინე ვერსად დავინახე.

    [დავინახე სალომე ღვინიაშვილი, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურებოდა და რომელიც ჩემი დაკვირვებით ბექსთეიჯში მაკას ეხმარებოდა.]

    უამრავი ხალხი ირეოდა, მოდელები იქე იცვლიდნენ და შემდეგი ჩვენებისთვის ემზადებოდნენ.

    დავასკვენი: თანამედროვე დიზაინერებისთვის “ძლიერი ქალი” და სოციალური პრობლემები მნიშვნელოვანი თემაა (რაც კარგია).

    მერე დავფიქრდი და ყველა სამსახურში, სადაც ოდესმე მიმუშავია, დირექტორი ქალი იყო/არის!

    დავასკვენი: ქალთა გაძლიერების საკითხის სტიმულირება საზოგადოების გარკვეულ ფენამდე კარგად მუშაობს, იმის იქით კი აღარ ატანს. ამიტომ, კიბეებზე ჩამომავალს უკვე ორმაგად მიხაროდა ქალბატონი ინგას წარმატება, მაკა კვიციანის ეს მშვენიერი ინიციატივა და Dze Georgian project-ის არსებობა.

    კოლექციის ფოტოები უკვე გამოაქვეყნა ჟურნალმა VOGUE-მა.

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი