ეკა ცხვარიაშვილი: “წარბის კეთება არის მთელი ფილოსოფია!”

    ეკა ცხვარიაშვილს ნახევარი თბილისი იცნობს როგორც ოქროსხელება ადამიანს, რომლსაც შეუძლია ჩვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორება და წარბისთვის იდეალური ფორმის დაბრუნება. საყვარელი საქმიანობა 39 წლის ასაკში დაიწყო. უკვე 19 წელია ქალბატონებს (და არა მხოლოდ ქალბატონებს) სანატრელ წარბებს უკეთებს:

    წარბის გაკეთებისას უნდა მოხდეს სპეციალისტის ხედვისა და მომხმარებლის გემოვნების თანხვედრა. აუცილებელია, რომ ადამიანმა სპეციალისტს ზუსტად აუხსნას რა უნდა. ამიტომ, უამრავ კითხვას ვუსვამ ხოლმე ჩემთან მოსულ ადამიანებს, რომ რაიმე არ გამომრჩეს. წარბი არ არის უბრალოდ ზედმეტი ღერების ამოღება. შეიძლება წარბს რადიკალურად შეუცვალო ფორმა მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ძალიან ახლო ადამიანების გარდა ვერავინ მიხვდეს, რომ წარბი გაკეთებულია და ნამუშევარია მასზე.

    რამდენად რეკომენდებულია წარბის მოჭრა და თუ ცვლის თმის ღერების ზრდის მიმართულებას?

    ეს ძალიან ინდივიდუალურია. ზოგს არ სჭირდება მოჭრა, მაგრამ დაჟინებით ითხოვს ამას. ზოგისთვის კი აუცილებელია. უნდა აღინიშნოს, რომ თუ უხეში ღერებია, მოჭრილი წარბი ცოტა ჩხირებივით იზრდება. თუ წარბი ცოტა რბილი სტრუქტურისაა, ჩხირივით არ გაიზრდება.

    როგორ შეიცვალა ტრენდები და მომხმარებლების გემოვნება ბოლო წლების განმავლობაში?

    სქელი წარბის კეთება ჯერ კიდევ 19 წლის წინ დავიწყე. მანამდე მძიმის ფორმის წარბები იყო მოდაში. მოგვიანებით ჩხირებივით წარბები გახდა ტრენდული. მე წვრილ წარბებს არასოდეს ვაკეთებდი და ამის გამო მომხმარებლების 60% დავკარგე. სქელი წარბი მოდაში მას შემდეგ შემოვიდა, რაც ჟურნალმა „ვოგმა“ კარა დელევინის ფოტო გამოაქვეყნა. ჩემი ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი იყო ეკო ფანგანი, მას ვუკეთებდი ხოლმე სქელ წარბს და მოგვიანებით ეკომ ეთერშიც მიმიწვია. ახლა ყველას სქელი წარბი უნდა. მინდა გითხრათ, რომ არც ეს მიმაჩნია მართებულად. ზოგჯერ ჩემთან იმ მიზნით მოდიან, რომ წარბი გავასქელო. შეუძლებელია ამის გაკეთება თუ წარბი ბუნებრივად არ არის სქელი. ახალ ფოლიკულებს ვერ შექმნი. მე ვასქელებ წარბს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა სქელი წარბი და შემდეგ, კეთების პროცესში დაიკარგა, ფოლიკულები გახდა მიძინებული. ჩემი მხრიდან საჭიროა სწორი მიდგომა და ღერების სწორად ამოღება, ხოლო მომხმარებლის მხრიდან დაცდა და მოთმენა.

    როგორ ხდება წარბის ფორმის გამოსწორება და საუკეთესო ფორმის გამოყვანა?

    ზოგადად, წარბი არის ფორმა. რაც გვაქვს იქიდან უნდა მივიღოთ საუკეთესო. ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლას სჭირდება დრო და მოთმინება. არის შემთხვევები, რომ პირველივე ჯერზე გამოდის და თავადაც ხვდებიან ამას. არის შემთხვევები, როცა ჯერ ვერ ხვდებიან და ამიტომ ვიძახი, რომ მოთმინება და დრო სჭირდება.

    ზოგჯერ სასურველ ფორმას კოსმეტიკური საშუალებებით ვაძლევთ წარბს. რამდენად უსაფრთხოა ფიქსატორებისა და ფანქრების გამოყენება?

    ფიქსატორების, ფანქრის, გელების ყოველდღიური მოხმარების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როდესაც სადმე მივდივართ რატომაც არა, მაგრამ ყოველდღიურად დავარცხნა და ხელის ხშირი შეხებაც კი დააზიანებს. თუმცა, ყველაზე მეტად წარბს მაინც არასწორი ადგილიდან ამოღებული ღერები აფუჭებს. როდესაც ეს ხდება, ამოდის უფრო უხეში  და გაცილებით გრძელი თმა.

    შესაძლებელია თუ არა წარბის გახშირება და ზრდის სტიმულირება?

    წარბის ფოლიკულის სტრუქტურა ძალიან განსხვავდება სხვა დანარჩენის თმის სტრუქტურისგან: თუ ავიღებთ ულვაშს და წარბს, ულვაში შეიძლება ამოვიდეს ოთხჯერ მეტი, მაგრამ წარბი შესაძლოა საერთოდ აღარ ამოვიდეს. ხშირად მესმის, რომ წარბი ამოჰყავს აბუსალათინის ზეთს. მე არ ვეწევი ამ ზეთის ანტირეკლამას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წარბი უფრო სწრაფად იზრდება სწორი კეთების შემთხვევაში, ვიდრე აბუსალათინის ზეთის წასმით. წარბის ფოლეკული ისედაც ცოტა დიდი და განიერია. აბუსალათინის ზეთი კი მძიმეა და რომც გააღვიძოს მიძინებული ფოლეკულები და ამოიყვანოს, იმდენად მძიმედ ეკიდება ღერებს, რომ შეიძლება ფოლიკულიდან ჩამოაგდოს ახალი ღერებიც და ძველიც.

    როგორ მოვიქცეთ, თუ შევნიშნეთ, რომ წარბები გვცვივა?

    თუ შეამჩნევთ, რომ წარბი ცვივა და ამის მექანიკური მიზეზი არ არსებობს, მაშინ საქმე გვაქვს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებთან და რომელიმე პრობლემასთან. აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ფარისებრი ჯირკვალი, უნდა გამოირიცხოს ალერგია (ამ დროსაც ძალიან ცვივა წარბი) და დემოდეკოზი – თვალის ტკიპა.

    რა აუცილებელი ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ სპეციალისტთან ვიზიტისას და რა საფრთხეები არსებობს?

    სალონში სტუმრობისას, თუ ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული, გადადის ისეთი დაავადებები, როგორიც არის დემოდეკოზი და სოკო. თუმცა, ორივეს სიმპტომები იმდენად თვალსაჩინოა, რომ შეუძლებელია სპეციალისტს გამოეპაროს. თუ ასეთი პრობლემის არსებობის მიუხედავად ადამიანი მიდის სალონში, სპეციალისტმა მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის განკუთვნილი პინცეტი უნდა გამოიყენოს. საუკეთესო გამოსავალია, როდესაც წარბის გასაკეთებლად საკუთარი პინცეტით მივდივართ. ეს არის ელემენტარული ჰიგიენა. იარეთ თქვენი პინცეტით!

    როგორ ხდება წარბის ფორმის შერჩევა სხვადასხვა ტიპის სახისთვის და რას ითვალისწინებთ ამ დროს?

    უნდა ამოიცნო ადამიანის შინაგანი სამყარო და წარბი უნდა გაუკეთო ისეთი საინტერესო, რომ მის ქალურობას, ხასიათს და ეროტიულობას გაუსვა ხაზი. წარბი არც მოჭრაა, არც არმოჭრა და არც ღერების ამოპუტვა. ეს არის მთელი ფილოსოფია.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი