გვანცა დარასელია: ჩანთა უნდა იყოს კომფორტული და მზად არეულობისთვის

    ჩანთა ჩვენი ცხოვრებისა და სტილის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ზოგს ჩანთის გარეშე გარეთ გასვლაც კი არ შეუძლია, ზოგი კი პირიქით, ცდილობ ეს აქსესუარი მინიმალური ზომის და მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს. ნივთები, რომლებსაც ჩანთით ვატარებთ ჩვენს ინტერესებსა და ხასიათზეც მეტყველებენ… ყოველდღიური ჩანთა იქნება ეს თუ გამოსასვლელი, ყოველთვის მოიძებნება ადგილი მათთვის. მაშ ასე, Beauty Magazine წარმოგიდგენთ რუბრიკას “რა მიყრია ჩანთაში” და მის ულამაზეს სტუმარს, გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანს, გვანცა დარასელიას:

    გვანცა, რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია ჩანთა და რა დატვირთვა აქვს მას თქვენთვის?

    რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მთავარია იყოს კომფორტული და მზად იყოს არეულობისთვის. მაქვს ხოლმე ამოჩემებები, ყველაზე მეტად მეზარება ჩანთის გამოცვლა.

    როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

    ყოველდღიურად საშუალო ზომის ჩანთას ვხმარობ, უნდა იყოს შედარებით მყარი და ჰქონდეს რამდენიმე განყოფილება. ბრენდის მიხედვით ჩანთას არ ვირჩევ. მირჩევნია იყოს საშუალო კლასის და კარგი ხარისხის, ვიდრე ყალბი “ერმესი” ან “შანელი” დიდი ლოგოთი. მაქვს რამდენიმე ბრენდული ჩანთა და მათში გადახდილ თანხას არასოდეს ვინანებ.

    ნივთები, რომლებსაც ყოველთვის ჩანთით ატარებთ.

    საფულე, სათვალე, ტელეფონი, მანქანის გასაღები.

    და ალბათ ტუჩსაცხიც…

    არა, ტუჩსაცხს ჩანთით არასოდეს ვატარებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ხშირად ვიყენებ და სხვადასხვა ფერს (მთავარია იყოს გლუვი). რაც შეეხება ბრენდს, ჩემს დიდ კოსმეტიკურ ჩანთაში ყველანაირს აღმოაჩენთ – “მაკიდან” დაწყებული, “ფარმასით” დამთავრებული.

    როგორც ჩანს, არც მაკიაჟის გასაახლებლად ატარებთ კოსმეტიკის ჩანთას.

    ჩემი სამსახურიდან გამომდინარე კოსმეტიკის ჩანთას თან არ ვატარებ. მაკიაჟი ყოველთვის დიდი რაოდენობით მჭირდება და სამსახურში კონკრეტული ადგილი მაქვს ამისთვის გამოყოფილი. მაკიაჟს ვიახლებ კი არა, ერთი სული მაქვს მოვიშორო. თუ რაიმე გადაღებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიახლებ სპონჟით, პუდრით და ტუჩსაცხით.

    ხელის მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია (მით უმეტეს ცივ სეზონზე), თქვენ თუ ხმარობთ ხელის კრემებს?

    ხელის კრემს ჩანთით არ ვატარებ, რადგან სახლშიც მაქვს და სამსახურშიც. ზამთარში განსაკუთრებულად სჭირდება კანს დატენიანება. ძალიან ხშირად ვიბან ხელებ და იშვიათად ვიტენიანებ. ამიტომ, ზოგჯერ ჩემი ხელების ფერი და კანის სტრუქტურა არ მომწონს.

    რა აზრის ხართ ნუტრიკოსმეტიკაზე და აპირებთ თუ არარომ სილამაზის კაფსულებმა ადგილი დაიკავონ თქვენსჩანთაში?

    რა თქმა უნდა, მსმენია და ვიცი, რომ კანისთვის, თმისთვის და ფრჩხილებისთვის ძალიან კარგია, სილამაზის კაფსულებსაც სწორედ ამიტომ ეძახიან. არასოდეს მიმიღია, თუმცა ვაპირებ ჩავიტარო ვიადერმის ერთი კურსი და შედეგებს აუცილებლად შეგატყობინებთ.

    გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქსესუარზე. როგორ საფულეებს ანიჭებთ უპირატესობას და რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის?

    ყოველთვის დიდი ზომის საფულეებს ვხმარობდი, რომელშიც ქაღალდის ფული სწორად იდება, თუმცა ბოლოს, მოგზაურობისთვის პატარა საფულე შევიძინე და ვეღარ ველევი. ზოგადად, ყოველთვის სადა, ნატურალური ტყავის, რბილი დამუშავების საფულეს ვხმარობ. ბრენდებიდან მაგალითად “ბოსის”, “ლუი ვიტონის”, “მაიკლ კორსის” საფულეებს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა მაქვს რამდენიმე საშუალო კლასის საფულეც, რომელსაც გემრიელად ვხმარობ.

    რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია თქვენთვის სათვალე?

    სათვალეს ვატარებ ყველა სეზონზე. არ მაქვს ბევრი, სულ რამდენიმე, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ კარგი ხარისხის იყოს – მარკ ჯეიკობსი, პრადა, არმანი, მაიკლ კორსი…

    ყველაზე უცნაური ნივთირაც ჩანთაში გდებიათ

    ჩემი მეგობრებო დამცინიან ერთ ჩანთაზე, რომელიც ვიზუალურად ძალიან პატარაა, თუმცა მე ვახერხებ, რომ სხვა ნივთებთან ერთად ჟაკეტიც კი ჩავატიო. ერთხელ, გამოსასვლელი ფეხსაცმელიც კი მედო და გარშემომყოფები თვალებს არ უჯერებდნენ, რომ ის ამ პატარა ჩანთიდან ამოვიღე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი