ია ფარულავა: “თავის მოვლა 27 წლის ასაკიდან დავიწყე”

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევან და ასაკის მატებასთან ერთად მათი სილამაზეც იმატებს. ერთ-ერთი მათგანია მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა. ის წლების წინ რობერტ დენირომ უამრავ ქალს შორის გამოარჩია და ერთ-ერთ საერთაშორისო ფესტივალზე „ფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად“ დაასახელა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ როგორღაც, დრო იას სასარგებლოდ მოქმედებს – ის სულ უფრო ლამაზდება. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, საყვარელი საქმიანობა კი საშუალებას აძლევს, საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი იზრუნოს:

    ჩემი ახლანდელი დილა არის შემდეგი: ვიღვიძებ, უზმოზე ვსვამ 1 ჭიქა წყალს (ზოგადად ბევრ წყალს ვსვამ), შემდეგ აუცილებლად მივირთმევ ჩემს ქაშას – ეს არის 4 სუფრის კოვზი შვრიის სქელი ფანტელი, მასში ვურევ ნახევარ ჩაის კოვზ სელის თესლს (დაფქვილს, რათა ორგანიზმმა ადვილად შეითვისოს). სელის თესლთან უნდა ვიფრთხილოთ, რადგან დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. ამას ემატება 1 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო, ზღვის მარილი (გემოვნებით), მიხაკ-დარიჩინი; ამ ყველაფერს წყალზე ვადუღებ და ბოლოს ვამატებ ცოტა რძეს. გარდა ამისა, დილაობით ვსვამ აპარატის ყავას (სადაც იფქვება მთლიანი მარცვლები და მზადდება არაჩვეულებრივი ამერიკანო). ამის შემდეგ ვიღებ ვიტამინებს (D3 და რკინას), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მიიღოს. მე გამოკვლეული მაქვს და ამიტომ ვსვამ.

    შემდეგ როგორ გრძელდება თქვენი დილა?

    დილით აუცილებლად ვაჭმევ ჩემს კატებს (ორი კატა მყავს) და ამ ყველაფერის შემდეგ, ჩემი დილა გრძელდება კომპიუტერით, მეილებით, ინსტაგრამით, ფეისბუქით… ეს ყველაფერი კი მიმდინარეობს კლასიკური მუსიკის ფონზე. განსაკუთრებულად მიყვარს ბახი, ძალიან მავსებს. სახლში მაქვს პატარა სამკითხველო დივანი, გარშემო მცენარეებით გავაფორმე და ყოველდღე ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, ნახევარი საათით ან ორმოცი წუთით. შემდეგ უკვე გადავდივარ ფიზიკურ აქტივობაზე – სახლში მაქვს სარბენი ბილიკი და 1 საათით ჩქარი ნაბიჯით დავდივარ. პარალელურად ვუყურებ რაიმე ფილმს, რომ არ გავგიჟდე ?

    თუ გადავწყვეტ რომ სახლში უნდა ვიყო, ღუმელში ვწვავ ბოსტნეულს, მაგალითად სტაფილოს, ყაბაყს, პომიდორს… ვაყრი მარილს და ვასხამ ცოტა ზეთს. იბრაწება როგორც გრილზე და შუადღეს გემრიელად მივირთმევ ხოლმე, ხოგჯერ ქათმის ხორცსაც ვაყოლებ. თუ სახლიდან გავდივარ, გარეთ მივირთმევ ლანჩს. როგორც წესი, ყავას მეტს აღარ ვსვამ ხოლმე, მაგრამ თუ ძალიან ჩამომეძინა, 1 ჭიქა შაქრიან თურქულ ყავას ვსვამ.

    რამდენად დიდ დროს უთმობთ თავის მოვლას და სილამაზის პროცედურებს?

    როგორც იცით, მე ვარ „ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის“ სახე, რომელიც კოსტავას 76 ნომერში  მდებარეობს. კვირაში ორჯერ იქ მაქვს ჩემი სილამაზის პროცედურები. ეს არის ერ ეფ ლაზერი (მე რომ სახის დაუთავებას ვეძახი), სახის კანის წმენდა დიგლოუს მეთოდით ან ჟერმე დე კაპუჩინის პროცედურები, ნიღბები, მასაჟი და ა.შ. (ჟერმე დე კაპუჩინის ბრენდ ამბასადორიც გახლავართ). სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ძალიან გავზარმაცდი და ეს რუტინა ცოტა ამომივარდა, მაგრამ დავაბრუნებ აუცილებლად. ძალიან მიყვარს სალონში სტუმრობაც, ვცდილობ ყოველდღე შევიარო. ბევრი საყვარელი სალონი მაქვს, მაგრამ ძირითადად დავდივარ „ნატალის“ VIP სალონში, „ნატალი დრაი ბარში“ და „პოდიუმში.“

    რომელია ის აუცილებელი პროცედურა, რაც ფიქრობთ, რომ ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს?

    სახის კანის გაწმენდა! აუცილებელია ჭუჭყის მოშორება, რომ სახე იყოს სუფთა და ბზინავდეს. როგორც სახლის დალაგებაა აუცილებელი, ისეთივე აუცილებელია სახის გაწმენდაც. თუ დიდი დრო გავიდა სახის გაწმენდიდან მაშინვე მეტყობა ხოლმე და გავრბივარ გასაწმენდად. ასევე, ძალიან მიყვარს ერ ეფ ლაზერი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს და  ბოტოქსი. უკვე წლებია ბოტოქსს შუბლის მიდამოში ვიკეთებ.

    რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა?

    თავის მოვლა 27 წლის ასაკიდან დავიწყე. იმ პერიოდში ამერიკაში ვცხოვრობდი. მყავდა საქმრო, რომელიც იყო დერმატოლოგი, ქირურგი, ჰქონდა კლინიკები და ანტი ეიჯ მიმართულებით მუშაობდა. უამრავი საცხი ჰქონდა ხოლმე ოთახში. მაშინ ახალი შემოსული იყო ბოტოქსი და სწორედ მან შემომთავაზა რომ გვეცადა და გამიკეთა ეს პროცედურა. თუმცაღა, პატარა რომ ვიყავი, მამიდაჩემს ჰქონდა წიგნი თავის მოვლაზე. ვგიჟდებოდი იმ წიგნზე. გართობის მიზნით ვთამაშობდით სალონობანას და ხან სტილისტი ვიყავი, ხან მანიკურის სპეციალისტი, ხანაც ნიღბებს ვაკეთებდი. ძალიან გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის ფონზე მე ჩემი სალონი არ გავხსენი.

    ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყებას?

    არა, ეს ძალიან დიდ დროს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. მივესალმები ყველა იმ ქალბატონს, რომელიც 9-დან 6-მდე მუშაობს და მაინც კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რომ მომეცა საშუალება, არ ვიმუშავი ბევრი და საკუთარ თავზე ვიზრუნო.

    როგორი გრაფიკი გაქვთ და როგორ ახერხებთ ენერგიის აღდგენას?

    ზოგადად, 8 საათი მძინავს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს შუადღის ძილი. თუ დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები, მოვდივარ სახლში და ერთი საათით ვიძინებ. ეს მეხმარება ენერგიის აღდგენაში. გარდა ამისა, არასოდეს ვათენებ ღამეს. ახალ წელსაც კი 2 საათზე ვიძინებ.

    ეს არის იმის მიზეზი, რომ ასე კარგად გამოიყურებით?

    ჩემი გარეგნობა უფრო გენეტიკის დამსახურებაა. ჩემი მშობლებიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.

    რამდენ ხანს ანდომებთ მომზადებას სახლიდან გასვლის წინ?

    თუ რაიმე მნიშვნელოვანი წვეულებაა, აუცილებლად მივდივარ სალონში და თმას ვიწესრიგებ, ან წამწამებს ვიკეთებ. დაახლოებით ერთი საათი მჭირდება ხოლმე, რომ კარგ ფორმაში ვიყო. გარდა ამისა, ყველა ნიღაბზე თუ საცხზე მნიშვნელოვანი არის ძილი, დასვენება და სიმშვიდე. როდესაც გადაღებაზე მივდივარ, იმ დღს აუცილებლად ვიკეთებ ერ ეფს – ანუ სახეს ვიუთავებ (ასე ვეძახი მე), ამის მერე ვიკეთებ მაკიაჟს და თმას.

    რა ინტენსივობით ხმარობთ მაკიაჟს?

    ქუჩაში რომ გავდივარ, უფლება არ მაქვს რომ ფორმაში არ ვიყო. მსუბუქ მაკიაჟს ვხმარობ ყოველდღე. სხვათა შორის, თვითონაც ძალიან კარგად ვიკეთებ. როდესაც გარეთ უმაკიაჟოდ და დაუვარცხნელი გავდივარ, ვარ ცუდად, დეპრესიაში. როგორც კი გავიპრანჭები და თმას მოვიწესრიგებ, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები და ის დღეც ძალიან კარგად მიდის. ქალბატონებს ვურჩევ, რომ როდესაც ცუდად იგრძნობენ თავს, აუცილებლად გაიპრანჭონ. მეც მაქვს ხოლმე სახლში გამოკეტვის პერიოდები, მაგრამ ეს ერთ დღეზე მეტ ხანს არ გრძელდება. მერე ვდგები და ვგეგმავ, როდის რომელ მეგობარს უნდა შევხვდე. დღის წინასწარ დაგეგმვა ძალიან კარგია იმისათვის, რომ დღემ კარგად ჩაიაროს და კარგ განწყობაზე ვიყოთ. არ ვარ სპონტანური ადამიანი და ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი – როდის სად მივდივარ. სპონტანურობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი ხასიათი არ არის. ძალიან მოწესრიგებული ვარ, არსად ვაგვიანებ და ყველგან დროულად მივდივარ.

    ხშირად ირუჯებით?

    ბოლო 13 წელია არ გავრუჯულვარ, რადგან არ მიყვარს მზეზე გაჩერება. თუმცა, გარუჯული სხეული ეკრანზე ბევრად კარგად გამოიყურება. ხშირად ვიყენებ ავტორუჯს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მივაგენი იდეალურ საშუალებას, რომ არ ავჭრელდე. განსაკუთრებით ფეხებზე ვჭრელდები. საკმაოდ რთული პროცედურაა რუჯის მიღება და შემდეგ მისი გადასვლა. არც სოლარიუმში დავდივარ. მოკლედ, მე და რუჯი ძალიან ვიტანჯებით.

    რა თანხა გეხარჯებათ თავის მოვლაში?

    როგორც გითხარით, ვარ ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის სახე და მე ამაში ფული არ მეხარჯება. კვირაში ერთხელ გვაქვს ხოლმე ია ფარულავას დღე, რომლის დროსაც ქალბატონები სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებით.

    რა არის თქვენთვის ბედნიერება?

    ბედნიერება არის შინაგანი ჰარმონია – როდესაც შენი ფსიქოლოგიური სახლი და თითოეული არქეტიპი არის დაკმაყოფილებული, გათავისუფლებული ხარ შინაგანი კონფლიქტებისგან და გაქვს შინაგანი ბალანსი. ამას ყველა სხვადასხვაგვარად აღწევს. მთავარია ადამიანმა გზა მონახოს და შინაგანი ძახილი იპოვოს,  რათა ამას მიაღწიოს. ბედნიერება ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ბაღის მოვლა, ვიღაცისთვის კერამიკული ფილების მოხატვა, ვიღაცისთვის საჭმელების კეთება… ასეთი ადამიანები ნაკლებად კომფლიქტურები არიან და არ ბოროტდებიან. შინაგანი ჰარმონიის მიღწევა დისციპლინების საშუალებით შეიძლება და საკმაოდ რთულია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ია ფარულავას შვილი არ ჰყავს, რა არის მისი ცხოვრება, ასე როგორ შეიძლებაო… მე ამ ადამიანებს ასე ვეტყოდი: ვისაც ეძლევა ღმერთმა დაულოცოს შვილები, ვისაც არ ეძლევა ისინი კომპენსაციას სხვა გზებით ახდენენ. ერთ-ერთი მათგანი მე ვარ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი