მოგესალმებით ჩემი წინასაახალწლო L’Occitane-ბლოგით, რომელიც მინდა სრულიად გამორჩეულ, ბრენდის სადღესასწაულო, ლიმიტირებულ კოლექციას მივუძღვნა – სხეულის სრულყოფილი მოვლის საოცრად სურნელოვან მწვანე წაბლის ხაზს.
ლოქსიტანმა, ტრადიციულად, განსაკუთრებულად იზრუნა მომხმარებლების სადღესასწაულო განწყობაზე და სწორედ ამ მიზნით შექმნა კაშკაშა, მბზინავი კოლექცია შობა-ახალი წლისთვის.
ალბათ დაინტერესდებით, რატომ მწვანე წაბლი? საიდან წამოვიდა ინსპირაცია? ახლავე მოგახსენებთ.
„მწვანე წაბლის ხაზის პარფიუმის შექმნის ინსპირაცია ჩემთვის ტყის ფოთოლცვენა იყო – ადრეული შემოდგომა, როცა ძალიან მიყვარს ტყეში წაბლის მოსაგროვებლად წასვლა და შემდეგ მათი შებრაწვა. ტყეში ხეებთან ყოველი შეხვედრა მედიტაციასავით არის ჩემთვის, ნაბიჯს ვანელებ და მათ ყურადღებით ვაკვირდები“ – ამბობს ლოქსიტანის მწვანე წაბლის ხაზის მთავარი პარფიუმერი გილაუმ ფლავინი. ზამთრის ბუნება, ტყე, მარადმწვანე და ძირს მიმობნეული წითელ-ყვითელი ფოთლები, ტყის სუფთა ჰაერში შერეული ხეების სურნელი – სწორედ ამ არაჩვეულებრივმა ზამთრის არომატებმა და სარელაქსაციო განწყობამ გახადა ლოქსიტანის საახალწლო ხაზი განსაკუთრებულად მყუდრო, ძალიან სასურველი და რა თქმა უნდა, საოცრად სასარგებლო ჩვენი სხეულებისთვის.
ლოქსიტანის მწვანე წაბლის სურნელი პირდაპირ ზამთრის ბუნების წიაღში ამოგაყოფინებთ თავს, სადაც კედარის ხის, ვაშლის ხის ყვავილის, მუშკის, მწვანე წაბლის, ნაძვის, მაგნოლიისა და ვანილის სურნელოვანი ნოტები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და წინასაახალწლო თავბრუდამხვევ ემოციას გვჩუქნის.
ლოქსიტანმა ზამთრის საახალწლო კოლექციაში სხეულის სრულყოფილი მოვლის ხაზი შემოგვთავაზა, რომლის მთლიანი ფორმულის შემადგენლობაში მონაწილეობს ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ნიშა და ბესტსელერი კომპონენტი – ორგანული შიის კარაქი/ზეთი/ესენცია და ასევე, წაბლის ესენცია – როგორც წლის დასასრულის მყუდრო და არომატული ლოქსიტან-სიმბოლო.
მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ მწვანე წაბლის სხეულის რუტინას.
დავიწყოთ სხეულის კანის სიღრმისეული წმენდის – რუტინის პირველ ნაწილში შემავალი პროდუქციის განხილვით.
სხეულის დასაბანი შხაპის კრემი – შიის ექსტრაქტითა და კარაქით, წაბლის სურნელოვანი ექსტრაქტით გამდიდრებული ეს პროდუქტი სიღრმისეულად წმენდს კანს ისე, რომ არ იწვევს მის გამოშრობას და იცავს კანის ნატურალურ მჟავა-ტუტოვან ბალანსს. დაბანის შემდეგ სხეულზე რჩება მწვანე ფოთლებისა და წაბლის ნაზი, სასიამოვნო არომატი და კომფორტის სასიამოვნო განცდა.
ექსტრა-მსუბუქი საპონი შიის კარაქითა და წაბლის ექსტრაქტით რუტინის კიდევ ერთი საწყისი საფეხურია მწვანე წაბლის ხაზში, რომელიც სიღრმისეულად წმენდს კანს ისე, რომ არ აშრობს და კომფორტის განცდას მისი ჩამობანის შემდეგაც ინარჩუნებს. ამგვარად, ვინც უპირატესობას საპონს ანიჭებთ, შხაპის კრემთან შედარებით, ეს პროდუქტი ნამდვილი საჩუქარია თქვენთვის ლოქსიტანისგან.
ტანის სკრაბი შიის ნაჭუჭის ნაზი ფხვნილითა და წაბლის ექსტრაქტით საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სხეულის ეპიდერმისის სრულყოფილად წმენდისა და ნაზი ექსფოლიაციისთვის. ტანის ამ სკრაბის გამოყენების შემდეგ, ზამთრის სიცივეში განსაკუთრებით გამომშრალი ეპიდერმისი, თავისუფლდება მკვდარი უჯრედების შრისგან (რქოვანა შრის ზედაპირი) და ადგილი ეთმობა კანის ახალგაზრდა, ჯანმრთელ უჯრედებს. გახსოვდეთ, კანის ზედაპირულ ექსფოლიაციას, სიღრმისეულ წმენდას უდიდესი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან სხეულის დატენიანება გაცილებით ეფექტურია სკრაბის გამოყენების შემდეგ.
ახლა კი მოდით, გადავიდეთ სხეულის მოვლის რუტინის შემდეგ საფეხურზე – სიღრმისეულ დატენიანებაზე.
ლოქსიტანის მწვანე წაბლის საახალწლო კოლექციაში აღმოაჩენთ ტანის ულტრა-მკვებავ კრემს 25% შიის კარაქითა და წაბლის სურნელოვანი ექსტრაქტით, რომელიც ლოქსიტანის საკულტო პროდუქტის საახალწლო ვერსიაა და თავისი უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიური ფორმულის წყალობით სრულყოფილად კვებავს გამომშრალ, მგრძნობიარე და ძალიან მრძნობიარე სხეულის კანს, აღადგენს მის ბარიერულ ფუნქციას და სიმსუბუქისა და კომფორტის განცდას ანიჭებს. რასაკვირველია, ამ პროდუქტის სურნელში მთავარ ნოტებს მწვანე წაბლის მსუბუქი აკორდები წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ცალკე ყურადღება უნდა დავუთმოთ გამომშრალი ხელის კანის ძლიერ დატენიანებას, რისთვისაც 20% ორგანული შიის კარაქითა და წაბლის ექსტრაქტით გამდიდრებული ლოქსიტანის საახალწლო ხელის მკვებავი კრემი შესანიშნავი არჩევანია. ეს საცხი მართლაც სრულყოფილად დაატენიანებს, დაიცავს და დაარბილებს კანს, ხოლო მწვანე წაბლის ნაზი, მსუბუქი არომატი ჩვენს სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს. სასურველია, ეს მკვებავი კრემი დღის მანძილზე სულ თან იქონიოთ, რომ რამდენჯერმე შეძლოთ კანის დატენიანება და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მისი წასმა ყოველ დღე ძილის წინ, კვირაში 2-3 ჯერ სკრაბის გამოყენების პარალელურად.
HO-Ho-Ho
ახლა კი ნამდვილი სადღესასწაულო პროდუქტი!
ლოქსიტანის საახალწლო მბზინავი ტანის ზეთი 5% შიის ზეთით და წაბლის ექსტრაქტით ჩვენს დღესასწაულებს განსაკუთრებულად უხდება. ამ ზეთს ორმაგი ბენეფიტი აქვს: გარდა იმისა, რომ სხეულის კანს სასიამოვნოდ, სრულყოფილად ატენიანებს, არბილებს და სიფაფუკეს ანიჭებს, ზეთის მბზინავი მიკრო-ნაწილაკები ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით და მსუბუქი ელვარებით სადღესასწაულო სილამაზეს და მიმზიდველობას მიანიჭებს თქვენს კანს.
კიდევ ერთი სასიამოვნო დეტალი ბრენდისგან საუკეთესო განწყობისთვის:
წინასაახალწლოდ ლოქსიტანმა მრავალფეროვანი ადვენტ-კალენდარი მოგვიმზადა, რომელიც ბრენდის სახის, სხეულისა და თმის მოვლის საუკეთესო ბესტსელერებით არის დაკომპლექტებული და თითოეულ წინასაახალწლო დღეს ნამდვილ დღესასწაულად გვიქცევს, კალენდრის ახალ-ახალი აღმოჩენებით, ემოციებით და სიხარულით.
მაშ ასე, იმედი მაქვს, თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება ამ ბლოგში განხილული ლოქსიტანის საახალწლო ლიმიტირებული კოლექცია და მასში შემავალი პროდუქცია, რომელიც სხეულის სრულყოფილად მოვლის გარდა ბედნიერ და ლაღ, ნამდვილ საახალწლო განწყობას შეგიქმნით.