მარიამ ხუციშვილი: სწორად შერჩეულ რუჟს შეუძლია ასაკი მოგვაკლოს!

    ჩვენს სადღესასწაულო გარეგნობაში მაკიაჟი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ძვირფასი ტანსაცმელი და აქსესუარები კარგავენ ხიბლს თუ არ გვაქვს კარგი მაკიაჟი… ეს ხელოვნებაა და მას თავისი წესები აქვს; შემოქმედებითი პროცესია, რომელიც გარკვეული ეტაპებისგან შედგება და რომლის ტრენდებიც წლიდან წლამდე, რადიკალურად იცვლება. ამ თემაზე Beauty Magazine-ს ტელეკომპანია “იმედის” პროფესიონალი ვიზაჟისტი, მარიამ ხუციშვილი ესაუბრა და რამდენიმე სასარგებლო რჩევაც მოგვცა:

    პროფესიონალური მაკიაჟი, პირველ რიგში, სახის გაწმენდით იწყება. ლოსიონის წასმით კანს მაკიაჟისთვის ვამზადებთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ვისვამთ ბაზას (კანის ტიპის შესაბამისად), ხოლო შემდეგ კი ტონალურს. ბაზის მეშვეობით ტონალური კრემი უფრო მდგრადი ხდება. ტონალური კარგად უნდა გადანაწილდეს არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელსა და ყურებზეც, რომ არ მივიღოთ ე.წ. „ნიღბის“ ეფექტი. ამის შემდეგ, უნდა დაფიქსირდეს გამჭვირვალე პუდრით, სახის ნაკვთები კი სკულპტორის ფუნჯით (Sculptor brush) უნდა გამოვიყვანოთ.

    მომდევნო ეტაპია რუჟის წასმა. სასურველია, იყოს ვარდისფერ ტონში, რათა სახეს ჰქონდეს უფრო ბუნებრივი ელფერი (უნდა იყოს კანზე 1 ან 2 ტონით მუქი). სწორად შერჩეულ რუჟს შეუძლია ასაკი მოგვაკლოს, არასწორად შერჩეულს კი პირიქით, მოგვიმატოს.

    შემდეგი ეტაპზე ხდება წარბის კორექცია. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რადგან წარბის ფორმა, სიგრძე, სისქე და ფერი ასახავს ადამიანის ხასიათს და ცვლის გამომეტყველებას. სავსე სახის მქონე ადამიანებს არ უხდებათ წვრილი წარბები. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება სქელი და ბუნებრივი წარბი გავიკეთოთ. ბოლო 4-5 წლის ტენდენციაც სწორედ ესაა.

    წარბის კორექციის დასრულების შემდეგ ვაკეთებთ თვალის ჩრდილებს, ლაინერს, წამწამებს და ტუჩებს.

    სავსე სახეს აუცილებლად სჭირდება კონტურული მაკიაჟი და სახის ძვლოვანი ადგილების გამოყვანა. თუ სკულპტორის და რუჟის წასმაში კარგად დავხელოვნდებით, სახე არ გამოჩნდება მკრთალი და ბრტყელი, არც ფოტოებში და არც სარკეში.

    ძალიან გამხდარ ადამიანებს არ უხდებათ გამოკვეთილი კონტურები. უნდა ვეცადოთ, რომ რუმიანა მკრთალად წავისვათ იმ ადგილას, რომელიც გაღიმების დროს ამოიწევა.

    დეფექტებისთვის გამოვიყენოთ ფანქრის ტიპის კორექტორი, რომლის მეშვეობითაც დავფარავთ წვრილ გამონაყარს, შემდეგ კი გადავისვამთ ტონალურს. იმისათვის, რომ ასეთ მომენტებში არ შეგვაწუხოს გამონაყარმა და დეფექტებმა, ვფიქრობ, წლის განმავლობაში ორჯერ მაინც ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმის” კურსის ჩატარება საუკეთესო გამოსავალი იქნება.

    2018 წლის ზამთრის ტრენდი ძირითადად არის მეტალის ეფექტი ტუჩსა და თვალებზე; სველი (წყლის) ეფექტი თვალზე (გამჭვირვალე, შავი, ოქროსფერი); ვარდისფერი ტონის გლითერები და ჰაილაითერები. მომდევნო წელს ასევე აქტუალურია თვალებზე არასტანდარტულად წასმული წითელი, ცისფერი, ლურჯი ან მწვანე ფერის ჩრდილი. გაითვალისწინეთ, რომ საუბარი არ არის ყოველდღიურ მაკიაჟზე.

    დაბოლოს, გახსოვდეთ, თუ სწორად მიუდგებით თქვენს გარეგნობას, აუცილებლად იპოვით სტილს ან ფერებს, რომლებიც ყველაზე მეტად გიხდებათ. ასე რომ, ეძებეთ „საკუთარი ტრენდი“, რომელიც ყოველთვის გამოგაჩევთ ყველასგან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი