მარტოობა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები

    ოდესმე თუ გაგჩენიათ გრძნობა რომ მარტო ხართ? რა თქმა უნდა, თქვენი პასუხი დადებითი იქნება. ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყოველი ჩვენგანი ამ განცდის მსხვერპლი ხდება.

    სოციალური ფსიქოლოგიის თანახმად, მარტოობა არის სუბიექტური დისკომფორტის შეგრძნება, რომელსაც მაშინ განვიცდით, როდესაც ჩვენი სოციალური ურთიერთობები მოკლებულია რომელიღაც მნიშვნელოვან თვისებას.

    ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომას ორი ტერმინის, „მარტოობისა“ და „განმარტოების“განსაზღვრისას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს ორი ცნება ერთი და იგივე რამ არ არის. მარტოობა „ჩამალულია“ ადამიანის შიგნით და მისი დანახვა ერთი შეხედვით შეუძლებელია. განმარტოება კი პირიქით, სხვა ადამიანებისგან განზე დგომის, სხვებისგან განცალკევებულად ყოფნის ობიექტური მდგომარეობაა. ამ ორ ცნებას შორის აუცილებელი კავშირი არ არსებობს. ჩვენ შეიძლება ბედნიერად ვიგრძნოთ თავი მარტო ყოფნისას და ასევე, მარტოობის განცდა გვქონდეს ბევრი ადამიანის გარემოცვაში.

    არსებობს მარტოობის ორი ტიპი;

    • ემოციური მარტოობა– ჩნდება უახლოესი ადამიანის არარსებობისას, როდესაც პიროვნება მოკლებულია მეგობრულ, სასიყვარულო ურთიერთობას ან მშობლებთან ურთიეღტობას.
    • სოციალური მარტოობა– ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ აკლია სოციალური ინტეგრაცია ან საზოგადოებასთან კავშირი, ჩართულობა (რასაც მეგობრების ან თანამშრომლების წრე უზრუნველყოფს).

    გარდა ამისა, მარტოობა დაკავშირებულია ასაკთან. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ეს პრობლემა ყველაზე მეტად გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ყველაზე ნაკლებად – ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთანავე, ახალგაზრდებში უფრო მეტად აწყდებიან სოციალურ ცვლილებებს, როგორებიცაა: მშობლების სახლიდან წასვლა, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, კოლეჯში შესვლა ან პირველი სამუშაოს პოვნა… ჩამოთვლილთაგან ნებისმიერმა შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის შეგრძნება.

    მარტოობის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

    • ახლობელი ადამიანის დაკარგვა
    • სასიყვარული ან მეგობრული კავშირების გაწყვეტა
    • განქორწინება
    • სხვა ქალაქში ან ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა
    • სამსახურის ან სასწავლებლის შეცვლა
    • ავადმყოფობა; ქრონიკული დაავადებები, შეზღუდული შესაძლებლობები
    • პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგების არარსებობა
    • მეგობრული და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი კავშირების არარსებობა

    მარტოობასთან გამკლავება დამოუკიდებლად არც თუ ისე ადვილია. სახლში ჯდომა და დახმარების ლოდინი ყველაზე უსარგებლო პოზიციაა. ყველაზე დიდი შანსი იმისა, რომ ადამიანი კვლავა გახდეს სოციალური ურთიერთობის ობიექტი – მისი სასურველობაა. როგორც კი ის რაიმე საქმით დაკავდება, მისი ფიქრები პირველ რიგში სწორედ ამ საქმეზე ხდება მიმართული, ჩნდება ინტერესი და მიზანი, რაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური პოტენციალის საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.

    მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი კი მისი სოციალური სასურველობა ხდება. სახლში გამოკეტილი, დეპრესიული ადამიანისგან განსხვავებით, საკუთარი საქმით დაკავებული ადამიანი სხვებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია.

    რა ხდება მაშინ, როდესაც მარტო ყოფნა, თუნდაც დიდი ხნით, პრობლემას სულაც არ წარმოადგენს? არსებობენ თუ არა ადამიანები, რომლებიც ამისგან სიამოვნებას იღებენ? აღმოჩნდა, რომ არსებობენ და სწორედ მათზე წერდა ბერნარდ შოუ “უნარი, გადაიტანო მარტოობა და მიიღო მისგან სიამოვნება, დიდი ნიჭია.”

    მართალია არსებობენ ადამიანები, რომლებასც მარტოობის შეგრძნება ნაკლებად ან საერთოდ არ აწუხებთ, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე მისი კონტაქტი სხვა ადამიანბთან ყოვლად უნიკალურ მნიშვნელობას იძენს, აკმაყოფილებს რა მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი აფილაციის, სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნის და მათთან ურთიერთობის მოთხოვნილებას.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    2 კომენტარები

    1. მაინტერესებს როგორ დავეხმადოთ მეგობარს როცა ის თავს მარტო გრძნობს თანაც ის რომ ვერ მიხვდეს???

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი