ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი: „ინტერესისა და სიყვარულის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებ“

    გზა წარმატებისკენ არც ისე მარტივი გასავლელია. ამ სიტყვის მიღმა უდიდესი გამძლეობა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და საქმის ინტერესი მოიაზრება. ხშირად, პროფესიულ წარმატებასა და ოჯახურ ბედნიერებას ერთმანეთისგან მიჯნავენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს იდეალურად აბალანსებენ.

    Beauty Magazine ამჯერად მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგსა და „ჟორდანიას კლინიკის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს ესტუმრა. ქალბატონმა ნანამ გამოცდილება ისრაელსა და ამერიკაში მიიღო, ამჟამად კი საქართველოში მოღვაწეობს და წვლილი შეაქვს ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებაში, როგორიც რეპროდუქციაა. მან ყოველთვის იცოდა რა სურდა და დღემდე იმ საქმეს აკეთებს, რომელიც უყვარს. სწორედ ეს არის მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.  

    ქალბატონო ნანა, რამ იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე პროფესიის არჩევისას?

    ეს პროფესია თავიდანვე მიზიდავდა, რადგან ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმები არიან. ალბათ, ქვეცნობიერად ჩამომიყალიბდა ამ პროფესიისადმი პატივისცემა. დედა პედიატრია და მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი მისი საქმიანობით. როდესაც დადგა სპეციალობის არჩევის დრო, სხვადასხვა დარგებზე უარი ვთქვი და არჩევანი პედიატრიასა და რეპროდუქციას შორის  გავაკეთე. როდესაც რეზიდენტურაში ჩავაბარე, რეპროდუქტოლოგია საქართველოში შედარებით ახალი დარგი იყო, ცალკე გახლდათ გამოყოფილი სპეციალიზაციის სახით. ამან გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება, რადგან უშუალოდ ამ მიმართულებით ვიყავი დაინტერესებული. ეს ძალიან სათნო და სასიამოვნო პროფესიაა, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მიიღო ახალი სიცოცხლის დაბადებაში. უზარმაზარი მისია გაკისრია.

    ბევრი ირჩევს ექიმის პროფესიას, თუმცა ყველა ვერ იქმნის წარმატებულ კარიერას. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

    მიზეზი პირველ რიგში ისაა, რომ ავირჩიე პროფესია, რომელიც მაინტერესებდა. ვთვლი, რომ ინტერესისა და სიყვარულის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებ. ჩემი სამუშაო საკმაოდ შრომატევადია. ყოველდღიურად, დიდია ემოციური, ფსიქოლოგიური და გონებრივი დატვირთვა. შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. საქმის სიყვარული ამ ყველაფრის ძალას მაძლევს. შრომისმოყვარეობასთან ერთად, წარმატებისათვის აუცილებელია პასუხუსმგებლობის გრძნობაც. ბევრ ადგილას მიმუშავია, ბევრ ადამიანთან მქონია კონტაქტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანები საქმეს იმ შემთხვევაში აკეთებენ წარმატებით, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი ოჯახი და მათი ხელშეწყობაა.

    როგორ უთავსებთ ოჯახს და თქვენს პროფესიას ერთმანეთს?

    საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ თანამშრომლებთან ურთიერთობას და კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობ პაციენტებს. ვწუხვარ, რომ დროის დეფიციტის გამო ზოგჯერ ვერ ვახერხებ სათანადო დრო დავუთმო ახლობლებს, მეგობრებს… ვცდილობ, მეტი დრო გავატარო მათთან. მუდამ ვკონტაქტობთ, მაგრამ არა ისე, როგორც მინდა და წარმომიდგენია. თუმცა, ერთი მეორეს ყოველთვის აბალანსებს. ვერ ვიტყვი რომ მოწყვეტილი ვარ ოჯახურ საქმიანობას. ვცდილობ ოჯახი და პროფესია ერთმანეთს შევუთავსო. მე უკვე დიდი შვილები მყავს და ისინი არაჩვეულებრივად უძღვებიან საკუთარ ცხოვრებას. ჩემი მეუღლის და ჩემი შვილების წარმატება მიქმინის იმ პირობას და სტიმულს, რომ ჩემი საქმიანობა აქტიურად გავაგრძელო და ვიმუშავო. წარმატიბსაკენ სწრაფვა და შრომისმოყვარეობა ჩემი მშობლებისგან გადმომედო და სავარაუდოდ, ჩემს შვილებს ჩემგან გამოჰყვათ.

    მოგვიყევით, როგორ გახდით ატლანტის საპატიო მოქალაქე.

    10-15 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახლდით. მიგვიწვიეს პარლამენტში, ეს იყო ექიმების საქმიანი ვიზიტი. შეხვედრები გვქონდა კლინიკებში, კლინიკების გარეთ, პირველადი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან… ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, გავეცანით იქაურ სტრუქტურას, ვნახეთ როგორ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, როგორ არის პირველადი ჯანდაცვა და მთლიანად, ჯანდაცვის სისტემა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ეს იყო „გრეიდის ჰელს ქეარ“ სისტემა („გრეიდის“ ჰოსპიტალში). იქ არ არსებობს ცალკე გამოყოფილი რგოლი და ზუსტად ეს ერთობლიობა ქმნის პაციენტზე ორიენტირებულ გარემოს. ამ ვიზიტისას რამდენიმე ექიმი დაგვაჯილდოვეს და გავხდით ატლანტის საპატიო მოქალაქეები, რაც ჩემთვის, დიდი პატივია.

    რა პრობლემებთან გიწევთ გამკლავება ყოველდღიურად?

    პრობლემები ყოველდღიურად არსებობს. არსებობს ემოციურად უფრო მეტად ან ნაკლებად დატვირთული დღეები. ხან დადებითია ეს ემოციები, ხან კი უარყოფითი. უარყფითი ემოციების გამომწვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, არ არის აუცილებელი კონკრეტული ცუდი ფაქტი. დღე შედგება ნიუანსებისგან. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოლოდინი მეტია და ვერ იღებ იმას, რასაც ელოდები. საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ საზოგადოება, პაციენტების გარკვეული ნაწილი ბევრ საკითხზე სათანადოდ ინფორმირებული არ არის. თუ საზოგადოებას მეტი სწორი ინფორმაცია ექნება, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება და უფრო წინ ვიქნებით. ზოგჯერ მკურნალობის გარკვეული მეთოდები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მიუღებელია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია. ეს ჩემში გარკვეულ პროტესტს და გულისწყვეტას იწვევს (მაგალითად, როდესაც უშვილო პაციენტების გარკვეული კატეგორია ჯერ კიდევ მიმდევარია ძველი შეხედულებების, რომლებიც დღეს არანაირად აღარ წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს). სასიამოვნოა, როდესაც პაციენტს აქვს ჯანსაღი აზროვნება და სწორად მოგყვება, ამ შემთხვევაში ის თავის პრობლემასაც გაცილებით სწრაფად აგვარებს. სწორედ ამიტომ, ჩემი მუშაობის დიდი ნაწილი მოიცავს პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობას. ყოველთვის ვიხარჯები ბოლომდე, რომ პაციენტს მაქსიმალურად მივაწოდო სწორი ინფორმაცია და ისე აირჩიოს მკურნალობის მეთოდი. ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა დაფუძნებული უნდა იყოს ნდობაზე, ნდობა კი ჩნდება ექიმის კეთილსინდისიერებისა და ცოდნის შედეგად.

    რა გაძლევთ ამ ყველაფრის სტიმულს?

    ვინაიდან ჩემი საქმიანობა ეხება რეპროდუქციას, დიდი სტიმული და პოზიტივია, როდესაც ორსულობა დგება. ამას მთელი გუნდი ავღნიშნავთ ხოლმე. ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტი და ახალი ორსულობა არის უდიდესი სიხარული და ჩვენი ახალი წარმატება. ამისათვის დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ ეს სიხარული აკომპენსირებს.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი