როგორ გავუმკლავდეთ შიშს, შფოთვას და უძილობას?

    მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეული დაძაბულობა შედარებით მიწყნარდა, პოსტპანდემიური შფოთვა და შიში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. დღევანდელ სამყაროში, სადაც კაცობრიობა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა მოიცვა, შფოთვის და შიშის მიზეზი მრავალგვარია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა ჯანელიძემ შიშთან, შფოთვასთან და უძილობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა და პანდემიით გამოწვეულ სტრესზე ისაუბრა.

    დღეს ადამიანთა უმეტესობა უხილავი ვირუსის „Covid-19”-ის შიშმა მოიცვა და პანდემიამ საზოგადოებას სერიოზული, ფსიქო-ემოციური გამოცდა მოუწყო.

    ადამიანებს ემოციის რამდენიმე ფორმა ახასიათებთ:
    კონკრეტული შიში – წარმოადგენს შიშის ისეთ ფორმას, როდესაც ადამიანს აქვს სიმაღლის, დახურული სივრცის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, უცხო გარემოში მოხვედრის და სხვა ფაქტორების მიმართ შიში.  მან შესაძლოა არაადეკვატური გამოვლინება მიიღოს, რასაც პანიკა ეწოდება. მაგალითად, პანიკაა დაუძლეველი სიკვდილის შიში, როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ ის მოკვდება. ამ მდგომარეობას გულის აჩქარება, პირის სიმშრალე, წნევის მომატება, გუგების გაფართოება და სუნთქვის გართულება ახასიათებს.  ეს შეტევა შესაძლოა ძალიან მარტივად, სიტყვიერი მხარდაჭერით გაქარწყლდეს.
    შიში ამძაფრებს უძილობას და პირიქით. უძილობა დიდი პრობლემაა, რომელიც თავის მხრივ, მრავალ დაავადებას წარმოშობს. ამ პრობლემის მედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლებელია, მაგალითად, მცენარეული დამამშვიდებლებით. თუმცა, ბევრად ეფექტიანი წამალი – ძილის ჰიგიენის მოწესრიგება, დაძინებამდე ერთი საათით სუფთა ჰაერზე გასეირნება, სასურველი ფილმის ნახვა ან მუსიკის მოსმენაა. ყოველივე ეს ბევრად უკეთ მოქმედებს ძილის რეჟიმზე. ასევე, რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში ერთი ჭიქა ღვინის მიღება. მედიკოსების აზრით, ის ერთ-ერთი კარგი ანტიდეპრესანტი და რელაქსატორია, რომელიც უძილო ტვინს ადუნებს და მოსვენებას ჰგვრის.
    შფოთვა
     – ემოციური მდგომარეობაა,  როდესაც არ არსებობს კონკრეტული შიშის მიზეზი, თუმცა ადამიანს ეუფლება „რაღაცის“ შიში.  მაგალითად, ჩვენ ვშფოთავთ ამინდზე, ხელფასზე, მეგობრებზე, ჯანმრთელობაზე, ნივთებზე და ა.შ. შფოთვას არაადეკვატური გამოვლინება ახასიათებს, რომელიც დიდხანს გრძელდება.

    მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა ჩვენი ემოციური მდგომარეობაა, მას თან ახლავს სხვადასხვა სისტემის რეაგირება. მაგალითად, ვეგეტატიური ნერვული სისტემის, რომელიც ჩვენს მაჯის ცემას, სუნთქვას, შარდვას აკონტროლებს. როგორც კი ადამიანის ემოციური მდგომარეობის დიაპაზონი იმატებს შფოთვა პირველ რიგში გულსისხლძარღვთა სისტემის რეაგირებით იწყება. ადამიანებს, რომელთაც შფოთვა აწუხებთ, ხშირად ჰგონიათ, რომ გულის პრობლემა აქვთ. უჰაერობა, სუნთქვის პრობლემები და ე.წ. „ბურთი ყელში“ რეალურად შფოთისგანაა გამოწვეული.

    ფობია – წარმოადგენს სპეციფიური შიშს, როდესაც  კონკრეტული არსების ან გარემოების გვეშინია (მაგალითად მწერების შიში, ცხოვველის შიში, სიმაღლის შიში და სხვა).

    როგორ ავარიდოთ თავიდან შფოთვა და შიში?
    იმისათვის რომ პანდემიის პირობებში, კორონა ვირუსით დაინფიცირების შიშმა, შფოთვამ და მისგან გამოწვეულმა დისკომფორტმა არ მოგვიცვას, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

    გახსოვდეთ, რომ ადამიანს მინიმუმ 7 საათი მაინც უნდა ეძინოს. კომპიუტერთან დიდი დროის გატარება, ფილმების ყურება, ენერგიის დაუხარჯავობა, უძილობას  და დღის მეორე ნახევარში გაღვიძებას იწვევს, რაც აბსოლუტურად უსარგებლოა ადამიანისათვის. ძილის დარღვევის რეჟიმი ხშირია აბიტურიენტებშიც. რეკომენდებულია ძილის ჰიგიენის მოწესრიგებაც. ის, ვინც ბუნებით „ბუ“ ან „ტოროლაა,“ უნდა მიჰყვეს თავის რეჟიმს. ემოციური გამოჯანმრთელების ერთ-ერთი რეკომენდებული საშუალებაა ჯანსაღი და აქტიური სექსუალური ცხოვრების წესი, სპორტი, სეირნობა და სხვა. რაც შეეხება ანტიდეპრესანტებს, მათი მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი