როგორი უნდა იყოს საუზმე, სამხარი, სადილი და ვახშამი?

    წინა პოსტსში განვიხილეთ ზოგადი რეკომენდაციები კვებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ პროდუქტებზე, რომლებზეც უარი უნდა ვთქვათ და ასევე პროდუქტებზე, რომლებითაც უნდა გავამდიდროთ ყოველდღიური რაციონი.

    მოდით, ამჯერად განვიხილოთ კვების რეჟიმი და კონკრეტულად საუზმის, სამხარის, სადილის და ვახშმის რაციონი:

    საუზმეზე კარგია სასარგებლო ნახშირწყლები, განსაკუთრებით მეორე ჯგუფის სისხლისთვის. ისინი დიდი ხნით გვაძლევენ ენერგიას. ესაა შვრიის ფანტელი, წიწიბურა, ფეტვი. ასევე შეიძლება ცილა (ძალიან საჭიროა პირველი ჯგუფის სისხლისთვის), ესაა ხაჭო, მაწონი, კვერცხი, ჩია. ვისაც აქვს ინსულინის პრობლემა, ვურჩევ უგლუტენო ბურღულეულს – ესაა წიწიბურა, ფეტვი და კინოა.

    სამხარზე მიირთვით ხილი. ამ თვეში მაქსიმალური სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს ვაშლმა, ანანასმა და კივმა. გირჩევთ ხილი, განსაკუთრებით ვაშლი, დაჭრათ პატარა, თხელ ნაჭრებად (20–25 ნაჭერი). ასე მიირთმევთ დიდხანს, უფრო დანაყრდებით და ნაწლავების პერისტალტიკასაც აღადგენთ. ვისაც უჭირს გამოფხიზლება და არ აქვს ჰორმონალური პრობლემა, შეუძლია სამხარზე მიირთვას 1 ს.კ. თაფლში ჩაყრილი 4–5 ნიგვზის ლებანი.

    სადილზე  წვნიანი მიირთვით (ბროკოლი, გოგრა, მჟაუნა, ბორში, ლობიო, ოსპი, სოკო…). სასურველია, მწვანილი წვნიანს მოაყაროთ თეფშზე, რომ იყოს ნედლი და მაქსიმალურად მიიღოთ ვიტამინები. სადილზე ასევე კარგია სალათი რაიმე გარნირით. კარტოფილი გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ და მხოლოდ მოხარშული. სალათების დიდი მრავალფეროვნებაა საქართველოში, მარილის ნაცვლად სალათს ჯობია მოასხათ ლიმონის წვენი და არარაფინირებული ზეთი. ასევე გირჩევთ ავოკადოს.

    ვახშმამდე 1 საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ 1 ვაშლი ან მაწონი. ვახშამი სასურველია იყოს ცილის შემცველი, რადგან კარგად ანაყრებს: ესაა ხორცი, თევზი. ადრეულ გაზაფხულზე ძალიან კარგია სუბპროდუქტები – ღვიძლი, თირკმელი, გული. რაც შეეხება კვერცხს, ჯობია საღამოს არ მიირთვათ. ასევე, მარხვაში აუცილებელია მცენარეული ცილები – სოკო, მუხუდო, ოსპი, კინოა, ნუტი (რისგანაც ამზადებენ ჰუმუსს). საკვები უნდა მომზადდეს უცხიმოდ. ცხიმი შეგიძლიათ ბოლოს მოასხათ.

    კარგი იქნება, თუ კვების პროცესი დღის განმავლობაში (პირველი კვებიდან ბოლო კვებამდე) არ იქნება 8 საათზე მეტი. შუალედში სვით სითხე. ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ გვშია და ამ დროს ჩვენს ორგანიზმს უბრალოდ სითხე აკლია. დილით საუზმემდე უნდა დალიოთ 2 ჭიქა წყალი, რათა აამოძრაოთ ღამით მოდუნებული ლიმფოდრენაჟი და ააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა.

    იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!

    თქვენი მარი მილორავა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი