შაკო საჯაია: “სავსე სახეს ხვეული თმა უხდება”

    შაკო საჯაია თმის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს ამჯერად ქალბატონებს უზიარებს. ასევე გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ვარცხნილობა სხვადასხვა ფორმის სახისთვის. შეგახსენებთ, რომ შაკო Beauty Studio Shako Sajaia-ს ხელმძღვანელობს.

    რა არის ყველაზე საინტერესო შენს პროფესიაში?

    ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შემოდის ადამიანი და მანდობს თავს. მისი ტიპიდან გამომდინარე ვქმნი ვარცხნილობას. არ მომწონს, როდესაც რომელიმე ვარსკვლავის მსგავსი ვარცხნილობის გაკეთებას მთხოვენ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ვარცხნილობის შერჩევაც.

    რომელი ვარცხნილობაა ტრენდული და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევისას?

    ძალიან მიყვარს მოკლე ვარცხნილობა, თუმცა, იმისათვის რომ მოიხდინო, მნიშვნელოვანია სახე, ყელი, კისერი… მოკლე ვარცხნილობაში აქცენტი კეთდება სახეზე, ამიტომ ლამაზი ნაკვთების მქონე ადამიანებს განსაკუთრებულად უხდებათ. გოგონებზე მე მაინც გრძელი თმა უფრო მომწონს, რადგან უფრო ბევრი რამის საშუალებას გაძლევს – შეგიძლია სულ რაღაც ცვალო – თმა აიწიო, სხვადასხვანაირად შეიკრა, ფერი შეიცვალო… ასევე ვფიქრობ, რომ ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს ხვეული თმა, რადგან ძალიან ლამაზია, მოცულობა აქვს, ავსებს ადამიანს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

    სავსე სახეს როგორ ვარცხნილობა შევურჩიოთ?

    სავსე სახეს ხვეული თმა უხდება!

    როგორ დავიხვიოთ თმა ისე, რომ არ დავაზიანოთ?

    უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის. შეიძლება ბიოდახვევა, ქიმიური დახვევა… ბიოდახვევისას თმა იგივე პრინპციპით მუშავდება, მაგრამ არ არის ისეთი ძლიერი ნივთიერებები, რომლებიც თმას აზიანებს. საერთოდ, თუ პროფესიონალის ხელში მოხვდით, შეღებვა იქნება თუ დახვევა, თმა არ დაგიზიანდებათ. პირველ რიგში, შეხებისას თმა უნდა იყოს სასიამოვნო და თუ სასიამოვნო არ არის, მნიშვნელობა აღარ აქვს როგორი შეჭრილია და როგორი შეღებილი. თმას სამი ფენა აქვს და ქიმიურად დამუშავების დროს სამივე ფენის ბუნებრივი ფერი იხსნება და ჯდება ხელოვნური ფერი. ძალიან ლამაზი გამოდის თმის ბუნებრივი გახუნება – თითქოს მზეზე შეიცვალა ფერი.

    სახლის პირობებში, რა შეიძლება გავაკეთოთ რომ თმა იყოს ჯანსაღი?

    სხვადასხვა ბუნებრივი ზეთი არსებობს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. არსებობს ბევრი კარგი ბუნებრივი შამპუნი, რომელიც სიღრმირეულად არ ასუფთავებს და მხოლოდ მტვერს და ცხიმს აშორებს. ფენით სწრაფად გაშრობა არ შეიძლება, ნელ-ნელა უნდა გაიშროთ რომ თმამ მბზინვარება და ელასტიურობა შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხმება და უხეშდება.  თმას სჭირდება ფრთხილი მოპყრობა და ზეთის გადანაწილება მთლიან სიგრძეზე (და არა თავის კანზე). ძალიან ცოტა უნდა დავიტანოთ და გავიშროთ. ძველი მეთოდები დავტოვოთ იქ სადაც არის. ახლა ახალი მიდგომებით უნდა მოვუაროთ თმას. მაიონეზი და თმა არაფერ კავშირშია ერთმანეთთან. დაივარცხნეთ ნაზად, მოუარეთ სწორად და ყველაფერი კარგად იქნება.

    მართალია, რომ რაც უფრო ხშირად შეიჭრი თმას მით უფრო მალე გაიზრდება?

    ჩემი აზრით სისულელეა. ზრდა დამოკიდებულია სეზონზე, გენეტიკაზე და კვებაზე. სეზონურად, ჩვენს რაციონში არის ხოლმე ისეთი პროდუქტები რომლებიც ხელს უწყობენ თმის ზრდას ან პირიქით. ხუმრობით ვიტყვი – მგონი ეს მოიგონეს იმისთვის, რომ ხალხმა სალონში ხშირად იაროს. ორი ტიპის შეჭრა არსებობს – ბოლოების კორექცია და ვარცხნილობის შეცვლა. თმა თვეში ერთი სანტიმეტრით ან სანტიმეტრნახევრით იზრდება. ზოგადად, სასურველია რამდენიმე სახეობის შამპუნი ვიხმაროთ – ცვენის პრევენციისთვის, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი და მკვებავი, ყოველდღიური და შეღებილი თმისთვის (თუ შეებილია). ზაფხულში მზის სერის შამპუნი გამოვიყენოთ, ზამთარში კი დამატენიანებელი. სულ უნდა ცვალო, ეს არის იდეალური მოვლა.

    როელი შამპუნია ყველაზე კარგი?

    უპირატესობას ბიო შამპუნებს ვანიჭებ. მთავარია უსაფრთხო იყოს როგორც ადამიანისთვის, ისე ბუნებისთვის. ამ მხრივ უკვე ძალიან გაიზარდა ბაზარი. ყველა პროდუქტს აწერია შემადგენლობა. მე რომელ ბრენდებსაც ვანიჭებ უპირატსობას ჩვენს თაროებზე ალაგია. როგორც იცით, მალე საზღვარგარეთ მივდივარ. ერთი ბრენდი იმდენად მომეწონა, რომ დავეკონტაქტე და დამპადიჟეს ქარხანაში, სადაც ვნახავ როგორ მზადდება პროდუქცია და რა გზას გადის სანამ ჩვენამდე მოვა. მალე სწორედ ამ პროდუქციას შევთავაზებ მომხმარებელს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი