სილამაზის სტანდარტები პალეოლითის ხანიდან დღემდე

    მსოფლიოში სილამაზის არაერთი ეტალონი არსებობდა და არსებობს. ამ საკითხზე ბევრს დაობდნენ და ქალისა და მამაკაცის “სრულყოფილი” გარეგნობის სტანდარტებიც საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა.
    სწორედ ამ დადგენილი სტანდარტების გამო ქალებს დღესაც უჩნდებათ კომპლექსები და ფიქრობენ, რომ მათი გარეგნობა იდეალური არ არის. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ “სრულყოფილება” ხანმოკლე იდეალია, კრიტერიუმები რომელიც მუდმივად იცვლება და გარდაიქმნება – იმდენადაც კი, რომ ერთი თაობიდან მეორეს უკვე შეცვლილი ხვდება. მაგრამ მაინც, როგორი გარეგნობის ადამიანი ითვლება ან ითვლებოდა ლამაზად?

    პალეოლითის ხანა

    დავიწყოთ უძველესი დროიდან. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხელოვნების ნიმუში, რომელიც აღმოუჩენიათ, ქალის 11 სანტიმეტრიანი​ სკულპტურაა. თვალშისაცემია, რომ ვილენდორფის ვენერა, ნამდვილად არ ჰგავს თანამედროვე მოდელებს. მას დიდი მკერდი, მსხვილი ბარძაყები და დიდი მუცელი აქვს (სახე კი საერთოდ არ აქვს). უძველესი ადამიანები “იდეალურად” თვლიდნენ ისეთ ქალს, რომელიც ჯანმრთელი იყო და ბევრი ბავშვის გაჩენა შეეძლო. როგორც ხელოვნების ნიმუში, სავარაუდოა, რომ ეს ფიგურა გაზვიადებულია და იმ ეპოქის ქალებს არ ჰგავს, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ვარაუდს, რომ ძვ. წ. 25 000 წლის წინ “ხორციანი” ქალი იდეალური ითვლებოდა.

    ანტიკური საბერძნეთი

    “ხორციანი” ქალებიდან პროპორციულ სხეულამდე – ​​ანტიკურ საბერძნეთში სილამაზის იდეალიზება მოხდა. უძველესი ქანდაკებები იმ დროის მხატვრებისა და მოქანდაკეების სტანდარტებს ასახავს. იდეალიზებული, პროპორციული ფორმები, რომელიც ქალების შემთხვევაში სავსე თეძოთი, სავსე მკერდითა და არცთუ ისე ბრტყელი მუცლით გამოიხატებოდა. უდიდეს ყურადღება ექცეოდა სახეს და მთავარი სიმეტრიულობა იყო. პითაგორა, რომელმაც ფარდობითობის თეორემა შექმნა, იმავე ფორმულით ხელმძღვანელობდა ადამიანის გარეგნობის შემთხვევაშიც. იგი იდეალური სილამაზის ფორმულის დადგენას ცდილობდა. პითაგორას იდეალურ, სიმეტრიულ სახეებს არაერთი ძველი ბერძენი ხელოვანი ქმნიდა.

    ადრეული რენესანსის ხანა

    რენესანსის მხატვრებს შუა საუკუნეების მკაცრი რელიგიური ფასეულობებისგან განცალკევება სურდათ. ასე რომ, მათ შიშველი სხეულის ხატვა დაიწყეს. ამ ნამუშევრების მიხედვით, ადვილია იმ სილამაზის სტანდარტების განსაზღვრა, რომლებიც 1300-1500 წლებში ​იყო გამეფებული. ხორციანი, ფერმკრთალი და მრგვალ სახიანი ქალები. რთული სათქმელია, რამდენად ასახავს ეს ნამუშევრები იმ დროინდელი ქალების რეალურ სახეს, თუმცა, ფაქტია, რომ ადრეული რენესანსის ხელოვანები იდეალად ასეთი გარეგნობის ქალებს თვლიდნენ.

    ელიზაბეტის ხანა

    სილამაზის თავისი სტანდარტები ჰქონდათ ინგლისში. თუ ინგლისისა და ირლანდიის დედოფლის, ელიზაბეტ I-ის გარეგნობით ვიმსჯელებთ, ადვილია დავასკვნათ, თუ რა ითვლებოდა სილამაზედ XVI-XVII საუკუნეში. თეთრად შეღებილი სახე, ქუთუთოები და წითელი ტუჩები – ამ დროს თვლიდნენ, რომ თეთრი სახე მაღალი კლასის სტატუსის მანიშნებელი იყო. მიაჩნდათ, რომ მუქი ფერის კანი ღარიბებს ჰქონდათ, რადგანაც მათ მზის გულზე მუშაობა უწევდათ. ამიტომაც, სახეს თეთრად იღებავდნენ, რათა ხაზი გაესვათ მდიდრული ცხოვრებისთვის.

    XVIII საუკუნის საფრანგეთი

    1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ფრანგები არისტოკრატებს აუჯანყდნენ. ამ პროცესმა ქალების გარეგნობაზე გავლენა იქონია. მათ უარი თქვეს მდიდრულ სამოსზე, უცნაურ პარიკებზე და ბევრად მარტივ სამოსზე გააკეთეს არჩევანი. თავიდან, მაკიაჟს მამაკაცებიც იკეთებდნენ. თუმცა, შემდგომ მამაკაცებს შეღებილი სახით სიარული აღარ მოეთხოვებოდათ. XIX საუკუნეში მაკიაჟით გალამაზებული სახე და კოხტა ჩაცმულობა ქალებისთვის მაინც დარჩა ხელოვნების ნაწილად.

    ვიქტორიანული ხანა

    იმ დროისთვის, როდესაც 1837 წელს დედოფალმა ვიქტორიამ გვირგვინი მოიპოვა, ბრიტანეთში ქალის გარეგნობა და ჩაცმულობა მაღალ დონეზე ჰქონდათ აყვანილი. მიაჩნდათ, რომ ქალს წვრილი წელი უნდა ჰქონოდა. მაშინ ქალები მუდმივად ატარებდნენ კორსეტებს, რათა იდეალურად გამოყვანილი წელი გამოსჩენოდათ.

    1900-იანების დასაწყისი

    ამ საუკუნის ქალის ეტალონად “გიბსონის გოგო” ითვლებოდა. ეს იყო ილუსტრატორ ჩარლზ გიბსონის ნახატი, რომელიც იმ ეპოქის ლამაზ ქალად მიიჩნეოდა. ქალები ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ – ფერმკრთალი სახით, ვიწრო წელითა და შედარებით უფრო თამამი ტანისამოსით.

    1920-40-იანი წლები

    1910-20-იან წლებში ქალებმა მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და მიიღეს ხმის მიცემის უფლება. ამ დროის ქალებმა უარი თქვეს პარიკებისა და კორსეტების ტარებაზე. მოირგეს ე.წ. “ფლეპერის” სტილი, რამაც მოდა და ქალის გარეგნობა სრულიად ამოატრიალა​. ქალებმა მამაკაცური სიძლიერე შეიძინეს, ქალის იდეალური სხეული უფრო ბიჭური გახდა, შეიჭრეს თმა, უარი თქვეს სავსე-ხორციან სხეულებზე და დაიწყეს გახდომა. იცვამდნენ მაღალწელიან ქვედაბოლოებს, დაიწყეს საცეკვაოდ სიარული. 30-40-იან წლებში ძალიან გამხდარმა ქალებმა ოდნავ კილოგრამების მომატება გადაწყვიტეს და სტილიც უფრო პრაქტიკული გახადეს. მამაკაცური პიჯაკები მოირგეს.

    1950-60-იანი წლები

    იმ დროს, როდესაც ევროპა და აზია მეორე მსოფლიო ომის სიღარიბეს ებრძოდა, ამერიკაში დიდი აღმავლობა დაიწყო. იღებდნენ უამრავ ფილმს, გაჩნდა არაერთი ვარსკვლავი. ამ ქალების კინოთეატრებში გამოჩენამ თავისი სილამაზის სტანდარტები დააწესა. სავსე, სექსუალური ფორმების მქონე მსახიობებს ამერიკელმა ქალებმა მიბაძეს. მაშინდელი სექსუალური სხეული, ახლა პლუს ზომად ითვლება. ტარდებოდა კონკურსები “მის პუტკუნა და ლამაზი”, თუმცა, ახლანდელი გადმოსახედიდან, ეს ქალები არც ისეთი პუტკუნები იყვნენ. როგორც ჩანს, სიგამხდრის “მანია”, სწორედ ამ ეპოქიდან იღებს სათავეს.

    1960-90-იანი წლები

    60-იანი წლებისთვის კულტურამ შეცვლა დაიწყო. ქალებს აღარ აბედნიერებთ მხოლოდ სახლში დიასახლისობა. ახალგაზრდებმა მეტი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს. სილამაზის ეტალონად ცნობილი მოდელი ტვიგი იქცა. ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ისეთივე გამხდრები და სუსტები, როგორიც ის იყო. მაკიაჟმა მეტი ბუნებრივობა შეიძინა. სტილის მხრივ კი, გოგოებმა შარვლები მოირგეს. რაც შეეხება 80-იან წლებს, სილამაზის სტანდარტად მაღალი და გამხდარი ქალი ითვლებოდა. მოდელები ცდილობდნენ, რაც შეიძლება სუსტები ყოფილიყვნენ. ეს ტენდენცია 90-იან წლებში დაგვირგვინდა, როდესაც სამოდელო ბიზნესში ქეით მოსი გამოჩნდა. კოკაინის მომხმარებელმა ბრიტანელმა სუპერმოდელმა ახალგაზრდებზე დიდი გავლენა იქონია. გოგოები ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ. თუ ვიქტორიანულ ეპოქაში ქალები თავს კორსეტის ტარებით იტანჯავდნენ, ახლა ის შიმშილით ჩაანაცვლეს.

    2000-იანი წლები

    ამ პერიოდში პლასტიკური ოპერაციების მოთხოვნა გაასმაგდა. ქალებმა (და არა მხოლოდ ქალებმა) ცხვირის, ტუჩის ან სახის სხვა ნაკვთების ფორმის შეცვლა დაიწყეს. ისინი ხომ ახალ სტანდარტებში უნდა მოქცეულიყვნენ. ყველამ, ვისაც ოდნავ დიდი ან კეხიანი ცხვირი ჰქონდა, ე.წ. „კურნოსა“ ცხვირი გაიკეთა. თხელი ტუჩების პატრონებმა კი ტუჩები გაისქელეს. ნელნელა ქალის გამხდარ სხეულზე მოთხოვნამაც იკლო. ახლა ქალებს ახალი სტანდარტი დაუწესეს – სექსუალური ფორმები. ამ მხრივ დიდი წვლილი მიუძღვით კარდაშინებს, რომლებმაც 2016-17  წლებში სიტყვა „სექსუალურის“ შინაარსი მთლიანად შეცვალეს.

    დღეს

    და ბოლოს, რა სტანდარტებს უწესებს დღეს სამყარო ქალებს – საბედნიეროდ, იქამდე მივედით, რომ მედია ამის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ვიწყებთ ყველა რასისა და სხეულის ტიპის მრავალფეროვნების მიღებას. 2017 წელს, ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ შექმნა მემორანდუმი, რომელიც დიზაინერებს მოუწოდებს, პროპაგანდა ჯანმრთელ მოდელებს გაუწიონ. დღესდღეობით, მსოფლიოს პოდიუმებზე არაერთი “პლუს საიზ” მოდელი იწონებს თავს. მათ პირველებმა გამოაჩინეს “სავსე” სხეული და გადაწყვიტეს ღიად ებრძოლონ მოდაში გამეფებულ სტანდარტებს.

    სილამაზის სტანდარტები იქამდეც კი შეიცვალა, რომ პოდიუმზე “ბიჭური”, არასტანდარტული გარეგნობის მოდელებს ვხვდებით. ქალებმა თამამად დაიწყეს ბრძოლა იმ წესების წინააღმდეგ, რომლებსაც სხვადასხვა ინდუსტრია თუ თავად ხალხი აწესებს. ბრენდებმა დაიწყეს კამპანიები იმის შესახებ, რომ გოგოებმა საკუთარი თავი ისეთად მიიღონ, როგორებიც არიან. დრომ აჩვენა, რომ ყველა სილამაზის სტანდარტი დროებითია.

    ამის პარალელურად, სტერეოტიპებს სრულიად ახალი ტრენდი ანაცვლებს – ეს ბუნებრივი სილამაზეა. ბუნებრივი მაკიაჟი, ბუნებრივი ტუჩის ფორმა, ბუნებრივი ცხვირის ფორმა, ბუნებრივი ფრჩხილები.

    არ არის თქვენი გარეგნობა სრულყოფილი? რატომ დარდობთ, ეს აღარავის აინტერესებს. სრულყოფილება ხომ ილუზიაა. კმაყოფილი იყავით თქვენი სხეულით, გარეგნობით და იამაყე იმ “ნაკლით” რომელიც თქვენ მშვენიერსა და ინდივიდუალურს გხდით.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი