სწორი კვების პრინციპები და ძირითადი რეკომენდაციები

    ჯანსაღი კვების პრინციპებით დაახლოებით 170-მდე დაავადების მკურნალობა არის შესაძლებელი. ჯანსაღი რაციონი შეიძლება მოიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მსხვილ მარცვლეულს, რძის პროდუქტებს, ხორცს. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმში მოხვდეს ყველა ის ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ამაში იგულისხმება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები. ასევე ყველა ის მიკრო და მაკრო ელემენტი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისა და მეტაბოლიზმის სწორი წარმართვისათვის. ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ჯანსაღი კვების რამდენიმე ტიპს განიხილავს და მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ინფრომაციას გვიზიარებს:

    „2020 წლის 20 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანსაღ კვებასთან მიმართებაში რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ვკითხულობთ: ,,ჯანსაღი კვება აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. ის გვიცავს ქრონიკული არაგადამდები დაავადებებისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან (გულის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები). ჯანსაღი დიეტა მრავალფეროვანი საკვების მიღებას, ნაკლები მარილის, შაქრის და ტრანსცხიმების მოხმარებას გულისხმობს. გარდა ამისა, უნდა მოიცავდეს მარცვლოვან საკვებს ( ხორბალი, ქერი, ჭვავი, სიმინდი, ბრინჯი ან სახამებლის ტუბერები ან ფესვები- კარტოფილი, ტარო ან კასავა), პარკოსნებს ( ოსპი, ლობიო, ხილი, ბოსტნეული), ხორცეულს, თევზეულს, კვერცხს და რძის პროდუქტებს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

    1. ძუძუთი კვება – ხელს უწყობს ჯანმრთელ ზრდას და ჯანრმთელობის ხანგრძლივად შენარჩუნებას. უზრუნველყოფს ჭარბი წონის განვითარების რისკის შემცირებას და მოგვიანებით, არაგადამდები დაავადებების განვითარების თავიდან აცილებას. ძუძუთი კვება მინიმუმ 6 თვემდე უნდა გაგრძელდეს.
    2. ყუათიანი დამატებითო საკვები – ექვსი თვის ასაკის ჩვილების რაციონში უნდა შევიტანოთ მრავალფეროვანი, უსაფრთხო და ყუათიანი დამატებითი საკვები (ანუ მიკრო-მაკრო ელემენტებით გაჯერებული საკვები). ამასთან, სასურველია თუ 2 წლამდე გავაგრძელებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვებას.
    3. ყოველდღიურად მივიღოთ ხილი და ბოსტნეული. ისინი ვიტამინების, მინერალების, დიეტური ბოჭკოების, მცენარეული ცილებისა და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა. სწორი კვების დროს სიმსუქნის, გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის, კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების რისკი დაბალია. მაქსიმალურად შევამციროთ ზედმეტი ჭამა და ტრანს ცხიმების მიღება, რადგან მათ შესაძლოა გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკი გაზარდონ. მცენარეული ზეთების უჯრედების – ზეითუნის, სოიოს, მზესუმზირის, სიმინდის, ყურძნის წიპწვების ცხიმების გამოყენება მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ჯანმრთელი ცხიმებით მომარაგებას, ეს კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჰორმონების წარმოებისათვის.
    4. შევზღუდოთ შაქრის მიღება. შაქარი უნდა წარმოადგენდეს მიღებული ენერგიის დაახლოებით 10%. უფრო კარგი იქნება თუ მის საერთო პროცენტულ მაჩვენებელს 5%-მდე დავიყვანთ. შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელების, ხილის წვენების, არომატიზირებული რძის ნაწარმის და იოგურტების მიღება ნიშნავს დიდი რაოდენობით შაქრის მიღებას, რაც ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვების და სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი გამომწვევია.
    5. შევამციროთ მარილის მიღება. დღის განმავლობაში 5გრამზე ნაკლები მარილი უნდა მივიღოთ. ეს შეამცირებს ჰიპერტენზიის, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს.

    სხვადასხვა ცნობილი გამოცემები გვირჩევენ „ცისარტყელას“ ანუ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფერის პროდუქტების მიღებას. პროდუქტების შეფერილობას ლიკოპენი განსაზღვრავს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია და ჩვენს უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ლიკოპენს დიდი რაოდენობით შეიცავს წითელი ვაშლი, წითელი ბულგარული, საზამთრო, პომიდორი. ეს ნივთიერება მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვისაც, რადგან უზრუნველყოფს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე.

    როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე სიმსუქნის ასოციაციის მიერ მოწოდებულია კვების პრინციპების რამდენიმე ვერსია:

    ჯანსაღი, რაციონალური, დაბალანსებული კვება, რომელიც ფაქტობრივად ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად სქესისა და დაავადებების არსებობისა მნიშვნელოვანია (ძალიან პოპულარული და ეფექტიანი 16 და 18 საათიანი დიეტები). ჯანსაღი, რაციონალური, დაბალანსებული კვება, ანუ სწორი კვება ესაა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო და საპრევენციო ღონისძიება.

    დუკანის დიეტის დროს, მასში შემავალი დიდი რაოდენობით ცილოვანი პროდუქტების გამო თირკმელკენჭოვანი დაავადებების ან შარდსასქესო დაავადებების პროვოცირება დაფიქსირდა. ვითარდებოდა სისუსტე, თმების, ფრჩხილების, კანის სტრუქტურის ცვლილება და მნიშვნელოვანი ხდებოდა საკვები დანამატების მიღება, რომელიც აღადგენდა აწ უკვე შეცვლილ სტრუქტურას.

    კეტო დიეტის დროს შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროვოცირება.

    ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტას რაც შეეხება, იგი გაცილებით ძვირი ჯდება და პაციენტები მას ვერ იცავენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დიეტების დაწყების წინ უნდა მოხდეს დიაგნოსტირება და ჩვენი ორგანიზმის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამოკვლევა (კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტირება). ასევე, თითოეული დიეტა გავლილი უნდა იყოს კვების სპეციალისტთან იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ტიპის დაავადებები და გართულებები.

    ადამიანები, რომლებიც იცავენ ჯანსაღ კვებას და ზომიერებას (ანუ ულუფებს), იღებენ საჭირო ნივთიერებების, ცხიმების და ნახშირწყლების საკმარის რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ორგანიზმისა და კარგი მეტაბოლიზმისთვის.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი