ტატა ტყებუჩავა: “ყველაზე ტრენდული მოვლილი სახის კანია!”

    მაკიაჟი ხელოვნებაა. ის ზოგჯერ სრულიადნ ცვლის ადამიანს, ეხმარება ნაკლის დაფარვაში და სწორი აქცენტების გაკეთებაში. ეს მიმართულება დღითი-დღე ვითარდება და იხვეწება. რაც დრო გადის, იცვლება საზოგადოების გემოვნებაც. ზოგჯერ რთულია სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო ფერებისა და სტილის მიგნება. საბედნიეროდ, ამისათვის არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ერთი შეხედვით ხვდებიან, რა სჭირდება თქვენს სახეს. სილამაზის სალონების ქსელ “ნატალის” ვიზაჟისტი, ტატა ტყებუჩავა მაკიაჟის უახლეს ტრენდებზე გვესაუბრა და სასარგებლო რჩევებიც მოგვცა:

    გასულ წლებთან შედარებით, წელს მსუბუქი მაკიაჟია ტრენდული. არ უნდა გვეტყობოდეს, რომ ბევრი გვისვია სახეზე. ქერა გოგონებს ვურჩევ, იხმარონ ღია ფერის ჩრდილები. ზაფხულში კარგია ოქროსფერი თვალის ჩრდილი, კანზე ერთი ტონით მუქი ტონალური კრემი, ბუნებრივად სქელი წარბები და ფერადი ტუჩსაცხი. თვალის გარშემო მაკიაჟის გაკეთებისას ჯერ ვისვამთ ვარდისფერ კორექტორს, რომ ერთფეროვანი გახდეს და ამოივსოს. წელს ფერადი ჩრდილები მოდაშია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ წაისვათ ე.წ. “სმოუქი აის” სტილში, თუმცა ამ შემთხვევაში, შეაჩერეთ არჩევანი ღია ფერის ტუჩსაცხზე.

    როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთონ შავგვრემნებმა?

    მათაც ერთი ტონით მუქ ტონალურს ვურჩევდი. თვალებზე თხლად წასმული ლაინერი, გახშირებული წამწამები და ტანსაცმელთან შეხამებული ტუჩსაცხი მშვენიერი იქნება. მბზინვარებისთვის, ღაწვებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ მოვარდისფრო ჰაილაითები.

    მაკიაჟის გაკეთებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტონალური კრემის ხარისხია. რა პრინციპით უნდა შევარჩიოთ?

    არსებობს ძვირადღირებული ბრენდები, რომლებსაც ზოგი საერთოდ ვერ ხმარობს. ამ დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი კანის სტრუქტურა და ტიპი – გამომშრალია, კომბინირებული თუ ცხიმიანი. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ტონალურის შემდეგ პუდრის გადასმაა საჭირო – სახემ რომ არ იპრიალოს.

    ჩვენი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ უმეტესობას კანის სიმშრალე აწუხებს. რას ურჩევდით მათ?

    მათ, ვისაც მშრალი კანი აქვთ, შეუძლიათ მხოლოდ ტონალური იხმარონ (პუდრი საჭირო აღარ არის). თუ ნაოჭები გვაქვს, მათ დასაფარად სპეციალური კორექტორის გამოყენება შეგვიძლია.

    შესაძლებელია კორექტორის სხვა დანიშნულებით გამოყენებაც?

    დიახ, კორექტორით შეგვიძლია სახის დათხელებაც. მაგალითად: მუქი ფერის კორექტორს ვისვამთ ლოყაზე, ღია ფერის კორექტორს კი ღაწვზე და ფრთხილად ვანაწილებთ. კორექტორით ცხვირის ფორმის შეცვლაც შეიძლება: მუქი ფერის კორექტორი უნდა წავისვათ გვერდებზე, თუ ცხვირი გრძელია – ბოლოზეც. შუაში კი, ნახევარ სიგრძეზე, ღია ფერის კორექტორი უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ ასევე ფრთხილად გადავანაწილოთ, რომ ხაზები არ დარჩეს. ასე დაიმალება სახის დეფექტები.

    კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია – ტუჩები. ძირითადად, ყველა მათ გადიდებას ცდილობს. მაკიაჟით ეს შესაძლებელია?

    ტუჩის გადიდება მარტივად შეიძლება. ამ მეთოდს „ტუჩის ომბრე“ ჰქვია. ტუჩს ვადიდებთ მუქი კონტურით (ოღონდ არა ძალიან შესამჩნევად), შემდეგ ვისვამთ მუქ ტუჩსაცხს ტუჩის შუა ნაწილამდე. შუა ნაწილზე ვისვამთ ღია ფერის კონტურს. შეგიძლიათ სახის კონტური გამოიყენოთ და შუა ადგილიდან გარშემო გადაანაწილოთ. ეს მეთოდი დაგვეხმარება, რომ ტუჩები გაცილებით დიდი გამოჩნდეს.

    დემაკიაჟი არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

    მაკიაჟის მოშორება არანაკლებ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მე გირჩევთ GERMAINE DE CAPUCCINI-ს პროდუქციას, რომელსაც ძალიან კარგი სახის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა აქვს. რადგან ტრენდებზე ვისაუბრეთ, ვიტყვი, რომ ნებისმიერ დროს, ყველაზე ტრენდული სწორედ მოვლილი სახის კანია, ასე რომ, იზრუნეთ მასზე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი