თოდუას კლინიკა და მისი ინოვაციური შესაძლებლობები

    აკად. ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც დაარსების დღიდან საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს. კლინიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს პაციენტებზე ზრუნვა, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების შეთავაზება. საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა და საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი რეპუტაცია კიდევ უფრო აძლიერებს კლინიკის პასუხისმგებლობას თითოეული ადამიანის წინაშე. დღეისათვის თოდუას კლინიკა აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში.  

    აკად. ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სიახლეებისა და ინოვაციური შესაძლებლობების შესახებ პროექტ „Liveმედის“ ჩართვაში კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი დიასამიძემ ისაუბრა:

    „თოდუას კლინიკამ ფუნქციობა 1991 წლის 26 მაისს დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის კვალდაკვალ ვითარდებოდა. დაარსების დღიდან, ბევრ სირთულესთან ერთად ბევრი გამარჯვებაც გამოვიარეთ, რამაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა და პროფესიონალების გუნდად ჩამოგვაყალიბა. პაციენტზე ზრუნვა, იყო ის, რასაც 30 წლის განმავლობაში აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გვასწავლიდა და სწორედ მათზე ზრუნვით, დღეისათვის გვაქვს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად შევურჩიოთ შესაბამისი მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მეთოდი. გუნდური მუშაობის პრინციპი, გადაწყვეტილებების გუნდურად მიღება და  სამოქმედო გეგმის დასახვა გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართული იყოს პაციენტის კეთილდღეობაზე და ინტერესებზე.

    რა სიახლეები დაინერგა ბოლო პერიოდში და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზაა – ეს არის უახლესი თაობის აპარატურა, რომელიც ექიმს შესაძლებლობას აძლევს, დასვას ზუსტი დიაგნოზი და დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. იმისთვის, რომ საზოგადოების მაღალი ნდობა შევინარჩუნოთ, ფეხდაფეხ მივუყვებით თანამედროვე მედიცინის სტანდარტებს და ვნერგავთ იმ სიახლეებს, რომლებიც აპრობირებული და აღიარებულია მსოფლიო მედიცინაში. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ინოვაციასა და სიახლეებზე.

    თანამედროვე სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტი ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის ექიმის ერთგვარი ასისტენტი, რომელიც ზოგავს ექიმის დროს და სპეციალისტის აძლევს საშუალებას აქტიურად იყოს ჩართული სამეცნიერო მოღვაწეობაში, რადგან თანამედროვე მედიცინაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სამეცნიერო შრომებს, პუბლიკაციებს და კვლევებს.

    თოდუას სამედიცინო ცენტრი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე არის კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. უახლოეს მომავალში, ჩვენთან დამონტაჟდება სამი ახალი ტომოგრაფი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ანატომიური მდგომარეობის შეცვლის გარეშე მოვახდინოთ ორგანოს არა მხოლოდ ვიზუალური შეფასება, არამედ ორგანოს ფორმის, ზომის, ადგილმდებარეობისა და ფუნქციური მდგომარეობის ერთდროული განსაზღვრა. ახალი ტომოგრაფები საშუალებას გვაძლევს  მოვახდინოთ ამა თუ იმ ორგანოს და დაავადების რაოდენობრივი ანალიზი, რაც გულისხმობს ფუნქციის ციფრობრივად შეფასებას.

    ახალი კვლევის მეთოდს წარმოადგენს გასტროსკოპია – ენდოსკოპიური კვლევის ერთ-ერთი სახეობა. მინდა ავღნიშნო მაგალითად, პანკრეასის მდგომარეობის განსაზღვრისა და ბიოფსიის მოსახერხებელი და ინოვაციური მეთოდი, რომელიც მხოლოდ თოდუას კლინიკაშია – ზონდის გადაყლაპვით კუჭის კედლიდან პანკრეასის ან თუნდაც ღვიძლის დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის აღება. რადგან, მორფოლოგიური ვერიფიკაციის გარეშე, თანამდეროვე მედიცინაში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა არ მიმდინარეობს, აღნიშნული მეთოდი ხელმისაწვდომია ჩვენს სამედიცინო ცენტრში და დიაგნოზის სიზუსტეს განსაზღვრავს.

    შემდეგი სიახლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის წვრილი ნაწლავის გამოკვლევა თანამდეროვე ტექნოლოგიით – სპირალური ენტეროსკოპით, რომლის დახმარებითაც ხდება რამდენიმე მეტრიანი ნაწლავის სანათურის შეფასება და სრული მიდამოს გამოკვლევა. კვლევის ეს საოცარი მეთოდი ფირმა „ულიმპუსმა“ გამოიგონა, რომელიც ენდოსკოპიის მიმართულებით გამორჩეული და ნოვატორია. ამრიგად, ენდოსკოპიის მიმართულებაში, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილს შეისწავლის, გვაქვს ორი სიახლე: ულტრაბგერა და ენტეროსკოპი.

    კიდევ ერთი ინოვაცია, რომელსაც პაციენტებს ფუნქციური გამოკვლევების მიმართულებით ექსკლუზიურად თოდუას კლინიკაში ვთავაზობთ, არის თავის ტვინისა და გულის მიოკარდიუმის  ერთფოტონემისიური ტომოგრაფია, რომელიც პერფუსიით ახდენს სისხლმომარაგების შეფასებას და გვაძლევს სრულფასოვან სურათს, რისი დახმარებითაც შესაძლებელი ხდება სწორი მკურნალობის დაგეგმარება და მკურნალობის შედეგის პროგნოზირება.

    ასევე, სიახლე გვაქვს სტაციონალური პაციენტების მიმართულებით – ე.წ HIS სისტემა (საავადმყოფოს ინფორმაციის სისტემა), რომელშიც ხდება პაციენტების შესახებ სრული ინფორმაციის დაგროვება. პაციენტებს ეძლევათ სპეციალური სამაჯურები, სადაც თავმოყრილია პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია – ისტორია, რადიოლოგიური და ენდოსკოპიური გამოსახულებები და ლაბორატორიული შედეგები. ეს გახლავთ ახალი სიტყვა მედიცინაში, რომელიც ზოგავს სამედიცინო პერსონალის დროს და იძლება სწრაფი რეაგირების საშუალებას, რადგან სამაჯურზე არსებული სპეციალური შტრიხკოდის პლანშეტში სკანირებით ხდება ამომწურავ ინფორმაციის მიღება კონკრეტული პაციენტის შესახებ.

    რას იტყვით კლინიკის ქირურგიულ მიმართულებაზე?

    რა თქმა უნდა დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ, მნიშვნელოვანია საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შევთავაზოთ შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო მომსახურება, რაც მოიცავს ქირურგიულ მიდგომას, მედიკამენტოზურ და სხივურ თერაპიას. თოდუას კლინიკაში ტარდება ურთულესი, მასშტაბური და ხშირად უნიკალური ოპერაციები როგორც ღია წესით ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაპაროსკოპიული ოპერაციები, რომლებიც ხორციელდება ინოვაციური სამგანზომილებიან ლაპარასკოპიით (როდესაც ქირურგს საშუალება აქვს სამ განზომილებაში მიიღოს გამოსახულება) და მაღალი რეზოლუციის 4K გამოსახულებით. აქვე მინდა ავღნიშნო ნეიროქირურგიული ოპერაციები ისეთი რთული შემთხვევების დროს, როგორიც არის თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სიმსივნის ამოკვეთა და ჯანმრთელი ქსოვილების დაცვა, ოპერაციამდე პაციენტის ორგანიზმში შეგვყავს სპეციალური მედიკამენტი, რომელიც იწყებს სიმსივნური ქსოვილის ნათებას – ეს კი ქირურგისთვის, ძალიან მარტივს ხდის მოახდინოს მანათობელი უჯრედებისა და ჯანმრთელი ქსოვილების ერთმანეთისაგან  განსხვავება.

    თოდუას კლინიკაში ასევე წარმატებით დაინერგა და ხორციელდება ისეთი სირთულის ოპერაცია, როგორც გახლავთ მთლიანი მენჯის ღრუს ორგანოების ეგზენტერაცია – ანუ მენჯის ღრუდან ყველა ორგანოს ამოღება.

    გარდა აღნიშნული ოპერაციებისა, ჩვენთან კეთდება გეგმიური ოპერაციები ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, უროლოგიის, თავ-კისრის ქირურგიისა თუ სხვა მიმართლებებით.

    ჩატარებული ოპერაციების მაღალი ხარისხი და დადებითი შედეგები ნამდვილად არის თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგების დაუღალავი და გუნდური მუშაობის შედეგი.

    რას იტყვით სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე და თოდუას ცენტრის როლზე ამ მიმართულებით?

     ჩვენს დაწესებულებას ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე მომართავს, როგორც კავკასიის რეგიონიდან, ისე შუა აზიის ქვეყნებიდან. ეს ყველაფერი განაპირობა მაღალმა პროფესიონალიზმმა და ნდობამ. სამედიცინო ტურიზმზე უფრო აქტიურ მუშაობას ვიწყებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტებს ლოჯისტიკურად გამართულ სერვისს შევთავაზებთ, რაც მოიცავს მათთვის მრავალფეროვანი სერვისისა და ასევე თარჯიმანის შეთავაზებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უცხოელ პაციენტს ვესაუბროთ მის მშობლიურ ენაზე. სწორედ ამისთვის, ჩვენ სპეციალური დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც უცხოელ პაციენტებს ემსახურება.

    თოდუას სამედიცინო ცენტრს უნდა, რომ თავისი სიტყვა თქვას სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი