ყოველდღიურობაში ხშირად ვხედავთ მომუშავე დედის ხატს. ხშირად გვესმის, რომ პირადი ცხოვრებისა და სამსახურის დაბალანსება რთულია. ამ თემაზე საუბრისას, უმჯობესია, დავფიქრდეთ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე, მაგალითად: რა დრო უნდა დაუთმოს მშობელმა შვილს და დღის რომელ მონაკვეთში? მშობლების არყოფნისას, ვინ უნდა იზრუნოს ბავშვზე? სინამდვილეში, როგორი დამოკიდებულება აქვთ მომუშავე და არამომუშავე დედებს ერთმანეთის მიმართ? სანამ მშობლები გავხდებით, საჭიროა თუ არა ვიზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე?
ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე საზოგადოებაში ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული პასუხები მოიძებნება. თითოეული მათგანი ზედაპირული და სიტუაციას მორგებულია (კვლევა ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ ჩაატარა).
პირველ კითხვაზე ზოგიერთი პასუხობს, რომ მშობელი გამუდმებით შვილის გვერდით უნდა იყოს და რომ მომუშავე მშობლები შვილებთან კონტაქტს ძალიან მცირე ხნით ან საერთოდ ვერ ახერხებენ. ისეთებიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელი არ არის 24 საათის განმავლობაში ბავშვებთან ყოფნა: დედების უმეტესობა დღის განმავლობაში მუშაობს იმისათვის, რომ მათმა შვილებმა კაგრ სკოლაში იარონ, მისცენ კარგი განათლება და შეუქმნან კარგი მომავალი. ყურადღებისა და სიყვარულის გაზიარებისთვის კი საღამოს, ოჯახური შეკრებაც შეიძლება იყოს საკმარისი.
მეორე კითხვაზე ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სანამ მშობლები სამსახურში არიან, სასურველია ბავშვი ბებიასთან ან ოჯახის ახლობელთან იყოს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა, ამიტომ იძულებულები არიან ძიძა აიყვანონ. აქაც გამართლებაა საჭირო – ზოგიერთი ძიძა იმაზე სახიფათოა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
მესამე კითხვის პასუხებში ორი დამოკიდებულება გამოიკვეთა: დედები, რომლებიც არ მუშაობენ აკრიტიკებენ მათ, ვინც მუშაობს. ისინი ფიქრობენ, რომ შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზეზით მშობლებმა არ უნდა გამოტოვონ შვილის ზრდა-განვითარების არც ერთი წამი, რადგან ეს ბავშვებზე უარყოფითად აისახება. მომუშავე მშობლები კი თვლიან, რომ სიყვარულისა და ყურადღების გადანაწილება შესაძლებელია ისე, რომ შვილებთან იდეალური, გულწრფელი და თბილი ურთიერთობა შეუნარჩუნონ; ამის პარალელურად კი შეუქმნან ის პირობები, რომლებიც უსახსრობის გამო სხვა მშობლებმა შესაძლოა ვერ შეუქმნან შვილებს.
რაც შეეხება მეოთხე კითხვას: ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სანამ ბავშვის გაჩენას და ოჯახის შექმნას გადავწყვეტთ, აუცილებელია ვიზრუნოთ ფინანსურ სტაბილურობაზე, მეუღლეებმა კი ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში.
დროა ვიყოთ გულახდილები!
სამწუხარო რეალობაა, რომ შვილების გაჩენის შემდეგ ქალების კარიერა მეორეხარისხოვანი ხდება თუ პარტნიორი მათზე მეტს გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, კომპრომისზე წასვლაში არაფერი არ არის ცუდი, თუმცა რატომ დგებიან მხოლოდ ქალები ამ არჩევანის წინაშე?
მეორე სამწუხარო რეალობა კი ის არის, როდესაც ქალებიც და მამაკაცებიც დღის განმავლობაში სამსახურში არიან, საღამოს კი ბავშვების მეცადინეობა, მოწესრიგება, სახლის დალაგება და სხვა საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის ვალდებულებაა! ასეთ დროს, სამსახურიდან მოსული დაღლილი მამაკაცები ისვენებენ და ტელევიზორს უყურებენ (ძირითადად ქართულ რეალობაში). მაშ, როდის დაისვენოს „ყოვლისშემძლე ქალმა?“ სწორედ ასეთი გამოუვალი სიტუაცია აიძულებს ქალების უმეტესობას, დაანებონ სამსახურს თავი და უარი თქვან საკუთარ შემოსავალსა და კარიერულ წინსვლაზე.
მოსაზრება, რომ ყველა დედას სურს სახლში შვილებთან იჯდეს ყველაზე დიდი მითია რომელიც არსებობს. შვილის გაჩენამდე თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი საქმე და კარიერა, შვილის გაჩენა კი ქალებს კარიერული წინსვლის და განვითარების წყურვილს არ კლავს! მეტსაც გეტყვით, პირიქით, აძლიერებს.
ასე რომ, მეუღლეებო, დაეხმარეთ მეორე ნახევრებს, რომ ოჯახის საქმეებისა და შვილებზე ზრუნვის პარალელურად გახდნენ წარმატებულები. გადაინაწილეთ ვალდებულებები და სახლის საქმეები, ამაში სამარცხვინო არაფერია.
ავტორი: გიორგი გუნჯუა