თბილისში IERI -ს კიდევ ერთი კონცეპტ მაღაზია გაიხსნა!

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა – 31 ოქტომბერს “რესპუბლიკაში” IERI -ს მეორე კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა.

    აკა ფროდიაშვილის ჩვენებიდან პირდაპირ “რესპუბლიკაში” წავედით. რომ მივედი, ცნობილი Street Style ფოტოგრაფი, ადამ კაც სინდინგი თავის ახალ წიგნზე (Live From F*cking Everywhere) ავტოგრაფებს არიგებდა.

    შესვლისთანავე ვნახე თეო (ჩემი მეგობარი და თანამშრომელი), მოვუყევი ფროდიაშვილზე და მან კი (რადგან ჩემზე ადრე მივიდა “რესპუბლიკაში”), Ieri-ს ტურზე წამიყვანა – უკვე გადაქექილი ჰქონდა მთელი მაღაზია და აღტაცებული მათვალიერებინებდა ყველაფერს.

    ქვემოთ, ფოტოში თეოა, ალბათ ჩემს მისვლამდე 🙂

    ტანსაცმლით დავიწყეთ, გადავედით ფეხსაცმელებზე და აქსესუარებით დავასრულეთ. რაც ჩემს მისვლამდე გაიყიდა, თეომ ისეთი სიზუსტით ამიღწერა, რომ გულიც კი დამწყდა. ჰო მართლა, თეოს ფერადი კეტები მოსწონს და “ქროსთისთან” ცოტა დიდხანს გავჩერდით – მიმტკიცებდა ფერადი ჯობიაო, მე კიდევ საპირისპიროს ვუმტკიცებდი.

    ამასობაში გავიცანი ნათელა ფოცხვერია, IERI-ს პიარ დირექტორი (ასევე პროექტ Nateli Tbilisi-ს ავტორი). მოგვიანებით გავიგე, რომ მოსკოვში, Kommersant Style-ის მთავარი რედაქტორი ყოფილა. ძალიან პოზიტიური ადამიანი ჩანს.

    რაც შეეხება IERI STORE-ს,

    ეს კონცეპტ მაღაზიაა, რომელიც დაახლოებით 25-მდე წარმატებული ქართველი დიზაინერის ნამუშევრებს აერთიანებს. მათი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის საქართველოში მოდის სფეროს წარმატებას და წინსვლას. “იერის” პირველი მაღაზია პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში გაიხსნა.

    [მომდევნო დღეებში, კვირეულის ჩვენებებზე, არაერთი სტუმარი ვნახე IERI-ში ნანახ სამოსში გამოწყობილი]

    რაც ყველაზე ძალიან მომეწონა და მოვასწარი, რამდენიმე ფოტო გადავუღე.

     

    და რა თქმა უნდა CROSTY-ს საოცარი “თავისუფლება!”

    მას შემდეგ, რაც გული ვიჯერე ქართველი დიზაინერების შედევრების თვალიერებით და გაცნობით, საღამოს კულმინაციური ნაწილის დროც დადგა, ნათელამ ყველა კლუბში მიგვიპატიჟა.

    უცხოელი სტუმრები, ქართველი ცნობილი სახეები, მოდელები, დიზაინერები, ბლოგერები, პიარ მენეჯერები, ფოტოგრაფები, ორგანიზატორები და ჩვენ, ყველა ერთ გზას გავუდექით – “რესპუბლიკას” ანდერგრაუნდისკენ. გზადაგზა რამდენიმე ნაცნობი სახე შევიპირე, ინტერვიუზე მოვალთქო.

    კლუბში მშვენიერი გარემო დაგვხვდა – ცეცხლი, სითბო, კარგი მუსიკა, ძალიან კარგი მუსიკა! სიმართლე გითხრათ, პოდიუმზე არანაკლებ საინტერესო კლუბში ხალხის თვალიერება იყო. სტუმრების უმეტესობა რუსულად მოლაპარაკეები იყვნენ. მაღლები, ქერები, ჰაილაითერებიანები, ტყავის პლაშებით, თამამები, ძაან გამოპრანჭულები, ძაან გამოუპრანჭავები (ხოა მასეთი სტილიც), ქართველი ცნობილი სახეები (ძირითადად ყველა ძალიან გემოვნებით ჩაცმული, თბილისური სტილი ეტყობოდათ). მოკლედ, აეროპორტივით იყო – ყველანაირი რჯულისა და გარეგნობის ადამიანს ნახავდი და ქართველს კიდევ მაშინვე იცნობდი. ყველა ერთობოდა და ცდილობდა შთაბეჭდილება მოეხდინა.

    დასკვნა:

    კარგი/საინტერესო ყოფილა მოდის კვირეულები.

    კარგი საღამო გამოვიდა!

    ხარისხიანი ღონისძიებები იყო, კარგად ორგანიზებული. არ ვიცი Mercedes-Benz-ის მარკა მოქმედებს ჩემზე თუ რა, მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა ყველაფერი.

    ვისხედით მე და თეო “რესპუბლიკას” ცეცხლთან და Story-სთვის ვიდეოებს და ფოტოებს ვარჩევდით. თან ვფიქრობდი რა ჩამეცვა მეორე დღეს SITUATIONIST-ის, MATERIEL-ის, AKA NANITA-ს და სხვების ჩვენებებზე. ის კი არ ვიცოდი, რომ ვერ წავიდოდი.

    სამაგიეროდ წავიდა რუსკა (ჩვენი ჟურნალისტი) და TAMRA X TAMRASKATEBOARDS-ის ჩვენებას დაესწრო.

    გვანცა დელიბაშვილი

    რედაქტორი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი