თბილისში ყველაზე სუფთა წყალი ვაკის საცურაო აუზზეა!

    ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა კომპლექსურია და ძალიან ბევრ ფაქტორს აერთიანებს. სწორი კვებისა და ფიზიკური დატვირთვის გარდა მნიშვნელოვანია გარემოც, რომელიც დააკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს, დაცული იქნება სისუფთავის ნორმები და ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა იმ აუცილებელ მიმართულებას, რომელიც საჭიროა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

    ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ვაკის საცურაო აუზი ერთადერთია თბილისში, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაქსიმალურად არის მორგებული ნებისმიერი მომხმარებლის ინტერესებზე და უკვე წლებია არ კარგავს ლიდერის პოზიციას.

    ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვარჯიშის თემის გააქტიურებასთან ერთად თბილისში არაერთი ფიტნეს დარბაზი თუ აუზი გაიხსნა. თუმცა, საუკეთესოს ძიებაში ბოლოს მაინც ვაკის საცურაო აუზს მივადექით და გადავწყვიტეთ კარგად გამოგვეკვლია მისი წარმატების მიზეზი.

    დავიწყოთ თავიდან:

    ვაკის საცურაო აუზს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ის 1965 წელს გაიხსნა და არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ყველაზე დასამახსოვრებელი კი მაინც ის არის, რომ 1999 წელს აქ დელფინების შოუც კი ეწყობოდა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით აუზი დაიკეტა და 2004 წლამდე არ ფუნქციობდა.

    2004 წლიდან კი ის გახდა თბილისის ყველაზე პოპულარული საცურაო აუზი და უამრავი ადამიანის საყვარელი თავშეყრის ადგილი. წლების განმავლობაში შენობა რამდენჯერმე განახლდა. მათთვის, ვისი მიზანიც ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იდეალური სხეულია, ის უნიკალურ მულტიფუნქციურ სივრცედ იქცა, სადაც ყველაფერია.

    რა დარჩა ძველი აუზიდან

    აუზის გაბარიტები და სახტომი კოშკურები იგივეა, რაც თავდაპირველად იყო. არც შენობის ექსტერიერი შეცვლილა ძირეულად. განახლების მუდმივმა პროცესმა კი ინტერვიერი საგრძნობლად შეცვალა და გააუმჯობესა. იქ, სადაც ადრე ტრიბუნები იყო, ახლა სატრენაჟორო დარბაზებია, მათ ქვეში კი საუნები, მასაჟის კაბინეტები და სარეკრეაცო ზონებია.

    სერვისები

    ვაკის საცურაო აუზი ნამდვილი სამოთხეა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის. აუზის მარჯვენა მხარეს არის მამაკაცების ნაწილი, მარცხენა მხარეს კი ქალებატონების. ორივე მხარეს განლაგებულია გასახდელები, საშხაპეები, მასაჟის კაბინეტები, სველი და მშრალი საუნა, ჯაკუზები, სატრენაჟორო დარბაზები და სარეკრეაციო/დასასვენებელი ზონა.

    აქტიურად ტარდება აქვა აერობიკის გაკვეთილები, რომელიც იდეალურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ასევე, ტერიტორიაზე არის “საჭყუმპალაო” ბავშვებისთვის და აერობიკის დარბაზი, სადაც ტარდება პილატესის, იოგას, კრივის გაკვეთილები. საქართველოს ნაკრები წყალში ხტომაში ამ დარბაზში ვარჯიშობს (ბატუტებზე). აერობიკის დარბაზი ყველაზე დატვირთული 12 საათამდე და 6 საათის შემდეგაა.

    ძალიან პოპულარულია პინგ-პონგი და სხვა სამაგიდო თამაშებიც. პინგ-პონგის შიდა ტურნირი კლუბის წევრებს შორის ხშირად იმართება. კლუბის წევრები მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობენ იმისათვის, რომ ტურნირზე კარგი შედეგები აჩვენონ.

    ვაკის საცურაო აუზი ერთადერთია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს პროფესიონალური და სამოყვარულო დაივინგის კურსებს სთავაზობს!

    არ შეიძლება არ აღინიშნოს არაჩვეულებრივი ვერანდა, რომელიც ზაფხულობით რუჯის მოყვარულებით ივსება; კაფე ჯანსაღი საკვებით და სილამაზის სალონი, რომელიც ყველანაირ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.

    ყველაზე სუფთა წყალი თბილისში

    აღმოჩნდა, რომ ვაკის საცურაო აუზში კრისტალურად სუფთა წყალია. აღნიშნულ ბიზნესს კანონი არ ავალდებულებს წყლის ამ სიხშირით შემოწმებას, თუმცა ვაკის საცურაო აუზს აქვს ამბიცია, რომ იყოს ყველაზე სუფთა. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და ყოველთვიურად წყალს ლაბორატორიულად ამოწმებენ.

    ვაკის საცურაო აუზი არის ოლიმპიური სტანდარტის აუზი ევრო 5 სტანდარტის ფილტრაციით, რაც ნიშნავს წყლის კვარცის ქვიშით, ულტრაიისფერი სხივებით და ქიმიურ დამუშავებას (ვაკის საცურაო აუზი ერთადერთია თბილისში, სადაც წყლის გასასუფთავებლად ულტრაიისფერი სხივები გამოიყენება). აუზის ქვეშ მოთავსებულია ტექნიკური მოწყობილობები, სატუმბები, ულტრაიისფერი სხივები, კვარცის ქვიშის 5 ტონიანი ფილტრები და ა.შ.

    სერგო სისოევი, ვაკის საცურაო აუზის ტექნიკური განყოფილების უფროსი: “მთავარი აუზიდან გამოსული წყალი ჩაედინება ტექნიკურ აუზში და ნაწილდება 4 ფილტრში. ეს არის 5 ტონიანი, ქვიშის სამმაგი ფილტრები. ძირითადად თბილისში თურქულ ქვიშას ხმარობენ. ჩვენთან კი იტალიური, ხარისხიანი კვარცის ქვიშაა. მისი გამოცვლა რეკომენდებულია 20 წელიწადში ერთხელ, ჩვენ 7 წლის წინ გამოვცვალეთ. ფილტრის გავლის შემდეგ გასუფთავებული წყალი გადადის მილში, რომელშიც დამონტაჟებულია ულტრაიისფერი განათების ნათურები. ზოგადად, ულტრაიისფერი განათება სპობს ყველანაირ ბაქტერიას და საოპერაციოებშიც კი იყენებენ. ულტრაიისფერი სხივების საშუალებით კიდევ ერთხელ სუფთავდება წყალი. ამის შემდეგ წყალი ჩადის აუზში, სადაც იქლორება. წყალში ქლორის შემცველობა ჩვენთან ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. საბავშვო აუზში “საჭყუმპალაოში” ქლორის შემცველობა შედარებით ნაკლებია, ვიდრე ძირითად აუზში.”

    იდეალური სისუფთავე

    ვაკის საცურაო აუზზე სისუფთავე და უსაფრთხოება უმაღლეს ნიშნულამდეა აყვანილი. აქ დასუფთავებისთვის კონკრეტული საათები არ არის, ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.

    24 საათში ორჯერ ბოლომდე იცლება ჯაკუზები, უტარდება დეზინფექცია და შემდეგ ახლიდან ხდება მათი ავსება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საუნების სისუფთავეს და მუდმივად ხდება მათი გაწმენდა/დამუშავება. იდეალურ მდგომარეობაშია საშხაპეები და გასახდელები.

    აუზი მომხმარებლებისთვის ღამის 11 საათზე იკეტება და იწყება ტექნიკური და ჰიგიენური სამუშაოები, მუშაობას იწყებს ქიმიური დამუშავების ჯგუფი. ყოველ ღამე აუზის ფსკერს რობოტი ე.წ. მტვერსასრუტი 2 საათის განმავლობაში ასუფთავებს, 2 დღეში ერთხელ კი აკვალანგისტები წმენდენ. ყოველ ღამე, სპეციალური დასუფთავების ჯგუფი ქიმიურად ამუშავებს და დეზინფექციას უკეთებს აუზის ტერიტორიას, საშხაპეებს, გასახდელებს, საუნებს, ჯაკუზებს და ფოიესაც კი.

    ამ აუზს უკვე წლებია აქვს “თბილისის ყველაზე სუფთა” აუზის სტატუსი (და არა მხოლოდ თბილისის). აქ დაახლოებით 110 ადამიანია დასაქმებული. მათი პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული მიდგომები ამ ადგილს ხარისხს უნარჩუნებს და გამორჩეულს ხდის.

    დასკვნა კი ასეთია, რომ ვაკის საცურაო აუზი არის ყველაზე სუფთა, უნიკალური მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა სასიამოვნო და კოფორტული იყოს!

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

    1 კომენტარი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი