კანის მოვლის სამყაროში არც ისე ბევრი პროდუქტია, რომელმაც ნამდვილი კულტის სტატუსი მოიპოვა, მაგრამ Erborian-ის CC კრემი ერთ-ერთი მათგანია. მისი კაფსულირებული პიგმენტი, ბუნებრივი იერსახე, მბზინვარე შედეგი და კანის მოვლის ინგრედიენტებით გაჯერებული ფორმულა გამოარჩევდა ბაზარზე მყოფი სხვა სს კრემებისგან. მაშინ რატომ შეიცვალა ფორმულა და რას უნდა ველოდოთ ახალი ვერსიისგან?
ცენტელა აზიატიკას კონცენტრაციის გაზრდა
აზიური ცენტელა (ანუ Cica) ყოველთვის იყო Erborian-ის ფორმულების სული, თუმცა ახალ ფორმულაში ინგრედიენტის კონცეტრაცია 2%მდე გაიზარდა, რაც სიკას არა დამხმარე ექსტრაქტად, არამედ აქტიურ ინგრედიენტად წარმოაჩენს; ის ხელს შეუწყობს კანის დამშვიდებას, სიწითლის, ერითემების და ანთებითი პროცესის შემცირებასა და ბარიერის აღდგენას. განსაკუთრებით მოგეწონებათ მათ, ვისაც გაქვთ სიწითლისკენ ან გამონაყარისკენ მიდრეკილი კანი.
კანში ტენიანობის გაზრდა
ახალ ფორმულაში დამატებულია ჰიალურონის მჟავა (Sodium Hyaluronate), რომელიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და ტექსტურის სიგლუვეს. ეს სიახლე განსაკუთრებით გაგიხარდებათ მათ, ვისაც გაქვთ გამომშრალი ან ასაკოვანი კანი.
მზის სხივებისგან გაუმჯობესებული დაცვა
SPFის რიცხვი 25-დან 30-მდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ყოველდღიურ ფოტოდაცვას და ცენტელასთან კომბინაციაში ხელს შეუშლის ნაადრევი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
რაც აღსანიშნია, ახალი ვერსია შეიცავს უფრო ფოტოსტაბილურ და ფართო სპექტრის ფილტრებს. ფორმულაში შენარჩუნებულია ორივე ფიზიკური ფილტრი (ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი), თუმცა ამოღებულია ოქტინოქსატი (ქიმიური ფილტრი) და ჩანაცვლებულია თანამედროვე, ფართო სპექტრის, ფოტოსტაბილური ფილტრებით (ტრიაზინის ჯგუფიდან). ეს ცვლილება შეესაბამება ევროკავშირის 2025 წლის მზისგან დამცავი საშუალებების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.
ფერების უკეთესი არჩევანი
ორიგინალი Erborian CC კრემის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი შეზღუდული ფერთა დიაპაზონი და პიგმენტებით გამოწვეული ხანდახან ნაცრისფერი ელფერი. ესეც გაუმჯობესებულია და ფერთა არჩევანს დაემატა ორი ახალი ფერი: Porcelain (ყველაზე ღია ტონი) და Deep (მუქი ტონი)
რაც შეეხება ტექსტურას, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ახალი ფორმულა ოდნავ უფრო დამარბილებელი და დამატენიანებელია, ვიდრე მისი წინამორბედი. დასრულება რჩება კაშკაშა და ბუნებრივი, მაგრამ გაზრდილი დატენიანება ქმნის უფრო გლუვ ზედაპირს, რაც აუმჯობესებს სინათლის კანზე ასახვას.
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, თუკი აქამდეც გიყვარდათ ერბორიანის CC კრემი, ახლა კიდევ უფრო მეტი მიზეზი გაქვთ, რადგან რეფორმულირებამ უზრუნველყო მისი ყველა მიმართულებით დახვეწა და ეფექტურობის გაუმჯობესება.












