სიყვარული არის გრძნობა, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია არსებობა. სიყვარული მეგობრებისა და ოჯახის წევრების, საქმის ან შინაური ცხოველის მიმართ ერთია, ხოლო მონათესავე სულის, საყვარელი ადამიანის პოვნა კი მეორე (და უმნიშვნელოვანესი). „ნეტავ მართლა მიყვარს?“ „თუ უბრალოდ გატაცებაა?“ „იქნებ უბრალოდ თავს მარტოდ ვგრძნობ?“ ან უარესი, „უბრალოდ მოწყენილი ვარ?“ – ის, ვისაც მართლა უნდა ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ახალი ადამიანის გაცნობისას აუცილებლად დაუსვამს მსგავს კითხვებს საკუთარ თავს.
იმისათვის, რომ ადვილად ამოიცნოთ იდეალური პარტნიორი და ნამდვილი სიყვარული, შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას გაწუხებთ ხოლმე.
- უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე იყავით
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სიხარულით მიიჩქარით მასთან შესახვედრად. მთავარი მიზანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ არის ის, რომ ცდილობთ პარტნიორი გააბედნიეროთ. თუ ცუდ ხასიათზეა ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თავი კარგად აგრძნობინოთ და ასევე იქცევა ისიც. ეს იდეალური ურთიერთობის დასაწყისია.
- უფრო დამყოლი გახდით
შესაძლოა, ერთ-ერთი ინტროვერტია, მეორე კი ექსტრავერტი; ერთს უქმეების მშვიდ გარემოში, ტელევიზორთან გატარება ურჩევნია, მეორეს კი თავგადასავლები და მოგზაურობა იზიდავს. მიუხედავად ამისა, როდესაც ორ ადამიანს ნამდვილად უყვარს ერთმანეთი, ისინი ოპტიმალურ გამოსავალს პოულობენ ან ცდილობენ დათმობაზე წავიდნენ. მაგალითად: ერთ შაბათ-კვირას სახლში, მყუდრო გარემოში ატარებენ, ხოლო მეორე შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მიდიან სასეირნოდ, მეგობრებთან ერთად. მოკლედ, ამ თემაზე არ ჩხუბობენ.
- აღარ ფიქრობთ ყოფილ შეყვარებულებზე
ალბათ, ყველას გამოგვიცდია შეყვარებულთან/პარტნიორთან დაშორება, დეპრესია… ზოგჯერ გვგონია, რომ მეორედ ისე აღარ შეგვიყვარდება, როგორც გვიყვარდა. თუმცა, შემდეგ გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გვავიწყებს და შესაძლოა, დღეები ან თვეები ისე გავიდეს, რომ ყოფილი შეყვარებული არც კი გაგვახსენდეს. ყველაზე სასიამოვნო ის შეგრძნებაა, როდესად რამდენიმე თვის შემდეგ გახსენდება, რომ ყოფილ შეყვარებულზე წუთითაც არ გიფიქრია… და ეს უფრო აძლიერებს თქვენს სიყვარულს თქვენი ახალი პარტნიორის მიმართ.
- სამომავლო გეგმებს ერთად აწყობთ
როდესაც სამომავლო გეგმებს ერთად აწყობთ, გეგმავთ ზამთრის ან ზაფხულის არდადეგებს რამდენიმე თვით ადრე, ან მოგზაურობას რომელიმე ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან მყარია და არც ერთი არ ფიქრობს იმაზე, იქნებით თუ არა გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთად. ასე რომ, თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი პარტნიორის გრძნობებში, ჰკითხეთ მას, რა გეგმები აქვს ზაფხულისთვის ?
- სიძნელეებს ადვილად უმკლავდებით
ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას ვხვდებით: ხშირად გვიწევს კომპრომისებზე წასვლა ან რთული გადაწყვეტილებების მიღება, უკეთესი სამსახურის მოძებნა და კონკრეტული პოზიციის მოპოვება… ეს ყველაფერი გაცილებით იოლია, როდესაც ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი ადამიანია. სიყვარული წარმატების მიღწევის უდიდესი სტიმულია.
- ემოციურად მშვიდად ხართ
როდესაც გრძნობა ნამდვილია, არ ნერვიულობთ იმაზე, რომ SMS-ზე პასუხის გაცემა დააგვიანა, ან იმაზე, საერთოდ გიპასუხებთ თუ არა… როდესაც დარწმუნებული ხართ ერთმანეთის გრძნობებში, იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ დაგვიანებული პასუხის მიზეზი შესაძლოა სამსახური, მოუცლელობა და გამოუვალი სიტუაცია იყოს. ასე რომ, იღვიძებთ და იძინებთ მშვიდად, 24 საათი ტელეფონს არ უყურებთ და ისტერიულად არ ელოდებით მეორე ნახევრისგან შეტყობინებებს.
- დამოკიდებულები ხართ ერთმანეთზე
თქვენ და თქვენი პარტნიორი ემოციურად დამოკიდებულები ხართ ერთმანეთზე. ერთმანეთს ანდობთ თქვენს ყველაზე დიდ შიშებსა და იმედგაცრუებებს. ერთად პოულობთ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან და არ გაწუხებთ დაუცველობის შეგრძნება.
- სიყვარული ხანგრძლივი პროცესია
შეუძლებელია, ერთ დღესაც გაიღვიძოთ და მიხვდეთ, რომ შეყვარებული ხართ. ეს ხანგრძლივი პროცესია და ყოველდღიურად ხდება მისი „აშენება“. ზოგჯერ ყველაფერს “ვანგრევთ” და თავიდან ვიწყებთ შენებას. ასეთი შემთხვევევბი კი, დაგვიჯერეთ, კიდევ უფრო აძლიერებს სიყვარულს.