ვალენტინობა, იგივე წმინდა ვალენტინის დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 14 თებერვალს აღინიშნება. საუკუნეების წინ მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. მართლმადიდებლური ეკლესია კი ვალენტინის ხსენების დღედ 19 ივლიის მიიჩნევს. ამ დღეს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, ახლა მხოლოდ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში აღნიშნავენ.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე მსოფლიოში 14 თებერვალი შეყვარებულების დღედ მიიჩნევა და მისი განსაკუთრებულად აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად იქცა.
ყველაფერი ძველ რომში დაიწყო:
იმპერატორი კლავდიუსი მიიჩნევდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც საყვარელი ქალი ჰყავდა და არც ოჯახი, უკეთ იბრძოდა და თავგანწირული ემსახურებოდა სამშობლოს. ამ მიზეზით მან რომში ქორწინება აკრძალა. ვალენტინი კი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც შეყვარებულებს მალულად აქორწინებდა და ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს აღასრულებდა. საბოლოოდ იმპერატორმა ეს გაიგო და ვალენტინი დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო.
სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა მღვდელმა, ციხის ზედამხედველის ქალიშვილი, ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა ვალენტინმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელსაც ხელი ასე მოაწერა “სიყვარულით, შენი ვალენტინი”. საყვარელი ადამიანისადმი წერილის მიწერა შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.
არის მეორე ლეგენდაც:
ამ ვერსიის თანახმად, იმპერატორი კლავდიუსი კეთილგანწყობილი იყო ვალენტინის მიმართ, ამიტომ ცდილობდა მის დაყოლიებას, რომ უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და ეღიარებინა პაგანიზმი (წარმართობა, რომლის არსიც მის მაგიურობაში მდგომარეობს). თუმცა, წმინდა ვალენტინი მტკიცედ იდგა. მეტიც, ის ცდილობდა გაექრისტიანებინა წარმართი იმპერატორი. საბოლოოდ, მას იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სანამ ვალენტინს სიკვდილით დასჯიდნენ მან სასწაული მოახდინა – ციხის ზედამხედველის, ასტერიუსის ბრმა ქალიშვილი, ჯულია განკურნა. ზედამხედველმა, მისმა ქალიშვილმა და მათი ოჯახის 46 წევრმა ქრისტე იწამა და მოინათლა.
იმასაც ამბობენ, რომ:
წმინდა ვალენტინი ვარდისფერი ამეთვისტოს ბეჭედს ატარებდა, რომელზედ გამოსახული იყო კუბიდონი. რომაელი მეომრები ამ ბეჭდით სცნობდნენ მას და მალულად სთხოვდნენ ვალენტინს, რომ დაექორწინებინა ისინი. ვალენტინი მეომრებს პერგამენტისგან გამოჭრილ გულებს ატანდა, რათა მათ არასოდეს დაევიწყებინათ საყვარელი ადამიანი, ომშიც კი.
269 წლის 14 თებერვალს ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. ინგლისელი იტორიკოსი, ჯონ ფოქსი ვარაუდობს, რომ წმინდა ვალენტინი რომში, Praxedes-ის ეკლესიაში, წმინდა ჰიპოლიტუსის სასაფლაოს მახლობლად დაკრძალეს. ლეგენდის მიხედვით, ვალენტინის საფლავთან ჯულიამ ვარდისფერ ყვავილებიანი ნუშის ხე დარგო. მას შემდეგ ნუშის ხე მტკიცე სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.
ძველ რომში 14 თებერვალს ლუპერკალია აღინიშნებოდა. ეს იყო ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ლუპერკისადმი მიძღვნილი ეროტიული დღესასწაული. როგორც ძველი ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს. მათი ტყავისაგან მათრახებს აკეთებდნენ და ამ მათრახებით ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები ქალებს ქუჩაში მიერეკებოდნენ. იმ პერიოდში ხშირი იყო ახალშობილთა სიკვდილიანობა, მუცლის მოშლა და მკვდარი ბავშვების დაბადება. ქალებს სჯეროდათ, რომ თუ ამ რიტუალში მიიღებდნენ მონაწილეობას, უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და ადვილად იმშობიარებდნენ. სხვათა შორის, ამ “მსვლელობაში” დიდგვაროვნებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. 494 წელს რომის პაპმა, გელასიუს პირველმა ეს დღესასწაული აკრძალა და ის წმინდა ვალენტინის ხსენების დღით ჩააანაცვლა.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა 3D ამომცნობით წმინდა ვალენტინის სახე აღადგინეს. სავარაუდოდ, იგი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.