სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა რაც ადამიანებს გაგვაჩნია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ზოგის აზრით ანგრევს სიყვარულს, ხოლო ზოგის აზრით პირიქით, ამძაფრებს მას. ეს ეჭვიანობაა.
ეჭვიანობით შეიძლება ყურადღების მიპყრობა, თუმცა არა ურთიერთობის შენარჩუნება. როგორც წესი, მიზეზები ძირითადად ფსიქოლოგიურია. ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი ნელი მაისურაძე ეჭვიანობას განმარტავს როგორც ‘’ადამიანის განცდა, რომელიც სპონტანურად აღმოცენდება და აიძულებს მას აკონტროლოს პარტნიორი ყველგან, ყოველთვის და არ გაითვალისწინოს მისი დამოკიდებულება ამგვარი ქცევისადმი. ეჭვიანობა არის ემოცია, რომელსაც პიროვნება განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მის წილ სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას აძლევს ალტერნატიულ პიროვნებას.‘’
ეჭვიანობის მიზეზი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა მთავარი მიზეზი არასრულფასოვნების კომპლექსია. როდესაც არ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა, საკუთარ თავს გამუდმებით სხვა ადამიანებს ადარებთ (მაგალითად მას ვინც თქვენზე ლამაზია, თქვენზე მოდური ან წარმატებული). თქვენ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებთ პარტნიორს, რომელიც თქვენს გვერდითაა, მაგრამ ამავდროულად მისი დაკარგვის გეშინიათ. ყოველთვის იარსებებს თქვენზე ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი/მამაკაცი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ პარტნიორისთვის საუკეთესო არ ხართ.
ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი, ფრიც რიმანი გამოყოფს ადამიანთა ტიპებს, რომელთაც ეჭვის განსხვავებული შეგრძნებები აქვთ: დეპრესიულ ადამიანს პიროვნებად გახდომის შიში აქვს, ისტერიულს – აუცილებლობის, კომპულსიურ ადამიანს ეშინია ცვლილებების, ხოლო შიზოიდურს ეშინია ერთგულების (რაც ყველაზე მძაფრად გამოხატება ეჭვიანობაში). მათ შიშები იპყრობთ და კონკრეტულ ადამიანზე დამოკიდებულები ხდებიან.
ცნობილია, რომ ეჭვიანობა ურთიერთობების დინამიკას რადიკალურად ცვლის. მას ძალიან ხშირად მოსდევს დაუცველობის, უსუსურობის გრძნობა, შიში, აღგზნებულობა, დეპრესია. ყოველივე ამის შემდეგ ადამიანს ეუფლება ისეთი ემოციები, როგორიცაა სევდა, ბრაზი და სასოწარკვეთა.
იმისათვის რომ, უკეთ გაუგოთ პარტნიორს და თავი დააღწიოთ ეჭვიანობას, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა:
1. ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას – უსვამთ გამომცდელ კითხვებს, იქექებით ტელეფონში, დაჰყვებით სადაც მიდის. ეს არავის მოსწონს.
2. ნუ დახუჭავთ თვალს როცა გატყუებენ, მაგრამ თუ საფუძველი არ გაქვთ, ნუ შექმნით ტრაგედიას – ამით აზარალებთ როგორც თქვენს საყვარელ ადამიანს, ისე თქვენ თავს.
3. თუ მაინც ეჭვიანობთ, ეცადეთ გაიგოთ მიზეზი და შეაფასოთ – ღირს საერთოდ ამაზე ეჭვიანობა?
4. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს – დაკავდით საქმით, გადით მეგობრებთან და აღარ დაგრჩებათ დრო ეჭვიანობისთვის.
5. მიეცით თქვენს პარტნიორს თავისუფლება – თუ ის თქვენთან დაშორებას აპირებს, ამას მაინც გააკეთებს, თქვენ მას ეჭვიანობით ვერ შეაჩერებთ. ამიტომ ენდეთ მას.
ავტორი: თამო მათნაძე