ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სიტყვა ‘’ღალატის’’ გაგონებაზე ნეგატიური შეგრძნებები არ ეუფლება. ღალატს მრავალი ინტერპრეტაცია აქვს (მეგობრის ღალატი,სამშობლოს ღალატი, მეუღლის ღალატი), თუმცა არსებობენ წყვილები, რომლებიც თავად წყვეტენ რა არის მათთვის ღალატი და რა არა.
დეფინიციათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ღალატი რა თქმა უნდა ცუდია.
ღალატის პარალელურად, ‘’მუშაობს’’ პატიების ინსტიტუტი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამ უკანასკნელს თრგუნავს საზოგადოების აზრი. ეს არის ის ‘’მესამე’’ ასპექტი, რამაც შეიძლება გადაწონოს თქვენი პირადი გადაწყვეტილება. მოღალატეებსა და მსხვერპლს შორის არსებობს ორი კატეგორია – ვინც პატიობს და ვინც ვერ პატიობს. მაგალითად, მამაკაცი, რომელმაც შეიტყო მეუღლის ღალატის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება რომ ეპატიებინა, შესაძლოა გახდეს ბულინგის მსხვერპლი მეგობრების მხრიდან. ამ უკანასკნელმა კი საბოლოოდ შეაცვლევინოს აზრი და დარჩეს ‘’ღირსეულ მამაკაცად.”
არსებობენ წყვილები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი წესებით, ქმნიან საკუთარ სამყაროს და თავად წყვეტენ თუ რა არის მათთვის ღალატი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ქმარს შეუძლია უღალატოს ცოლს, ცოლმა კი ეს აუცილებლად უნდა მოითმინოს. გოგონებს ხშირად ბავშვობიდან ესმით, რომ ქმრის ღალატი უბრალოდ გართობაა და ამაში საგანგაშო არაფერია, რომ მთავარია მამაკაცმა ოჯახი არ მიატოვოს და შვილები გაზარდოს. ადამიანებისთვის, რომლებიც ასე ფიქრობენ, ღალატი მხოლოდ სექსს ნიშნავს. ისინი ვერ აცნობიერებენ იმ მორალურ ზიანს, რაც პარტნიორმა ღალატით მიაყენა.
არსებობენ ისეთი წყვილებიც, ვისაც ღალატი სულ სხვანაირად ესმით. ალბათ იმდენად სხვანაირად, რომ ბევრი მათ ვერასოდეს გაუგებს. ასეთი წყვილებისთვის ღალატი შეიძლება სულაც არ იყოს სექსი და იყოს იმის გაცნობიერება, რომ მისმა მეუღლემ სხვა ქალთან იპოვა კომფორტის ზონა, სხვასთან მოსწონს ემოციების გაზიარება და სხვასთან გრძნობს თავს მშვიდად. ზოგიერთ მათგანს ეს უფრო მეტ ტკივილს აყენებს.
ღალატის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიზეზებს. თუმცა, საზოგადოების თვალით მათი გაცნობიერება რთულია. საზოგადოება (მეგობრები,ნათესავები) ზედაპირულად, ერთი შეხედვით აფასებს ურთიერთობებს და დასკვნებიც შესაბამისად არაადეკვატურია.
გვახსოვდეს, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა მხოლოდ ორს ეხება და ნებისმიერი ადამიანი, მეგობარი იქნება ეს თუ ოჯახის წევრი, ვალდებულია მათ გადაწყვეტილებას პატივი სცეს. ღალატის პატიება ან უპატიებლობა წყვილის პირადი არჩევანია, ხოლო გარშემომყოფების დამოკიდებულება მათ გადაწყვეტილებაზე უკვე მეორე ხარისხოვანია.
და მაინც, უნდა ვაპატიოთ თუ არა საყვარელ ადამიანს ღალატი? ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. პატიება/უპატიებლობა გარკვეულწილად დამოკიდებული იმაზე, თუ ვისთან გიღალატებთ საყვარელი ადამიანი.
ავტორი: თამო მანთაძე