სიყვარული და სოციალურ მედიაზე დამოკიდებულები

    უმეტესობა ჩვენგანს ორი ცხოვრება გვაქვს: ერთი რეალურ სამყაროში, მეორე კი სოციალური ქსელში. თუმცა, სოციალური მედია ისეა შემოჭრილი ჩვენს ყოველდღიურობაში (ან ჩვენ ვართ შეჭრილები ყოველდღიურად ინტერნეტში), რომ რთულია ფეისბუქს ან ინსტაგრამს უწოდო ირეალური.

    მოდით, პირობითად სოციალურ ქსელებს მიღმა ცხოვრებას „რეალური“ დავარქვათ. როდესაც რეალურ ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული ხდება და როდესაც საერთოდ არაფერი ხდება, თითქმის ერთნაირად აისახება ჩვენი სტატუსების რაოდენობაზე. ვცდილობთ, რომ ყურადღება მივიქციოთ, ან გვინდა ნებისმიერი პოზიტიური მომენტი ყველას გავაგებინოთ. ზედმეტად აქტიურობაში დასაძრახი, რა თქმა უნდა, არაფერია, თუმცა ამასაც აქვს უარყოფითი მხარეები.

    ცხოვრების მნიშვნელოვანი და ბედნიერი მომენტები, შვილების ფოტოები, მოგზაურობა, განსაკუთრებული შენაძენი თუ საჩუქრები – ყველაზე მოწონებადი თემების არასრული ჩამონათვალია. რამდენად რეალურია ეს ბედნიერება, ხშირად არავინ იცის, მაგრამ მოწონებების რაოდენობა ნამდვილად გვგვრის ხოლმე სიხარულს და იქცევა ჩვენი ბედნიერი ცხოვრების და გარშემომყოფების კეთილგანწყობის საზომად…  ხოლო, თუ ჩვენს პოსტებს გამოხმაურება არ აქვს, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ხასიათზე და ფსიქიკაზე.

    სოციალურმა მედიამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის თვითშეფასებას, გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესიაც კი. ფეისბუქი და ინსტაგრამი ამკვირდებს მოდისა და სილამაზის სტანდარტებს; ქმნის ჩარჩოებს ურთიერთობებისთვის, რომლებშიც ხშირად ვექცევით. ამიტომ:

    1. ნუ გაზომავთ სიყვარულს მოწონებებით, კომენტარებითა და მიმოწერით. ნამდვილი და ძლიერი გრძნობები რეალურ ცხოვრებაში იბადება.
    2. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. ნუ შეადარებთ მას ხვების ცხოვრებას, რადგან ბედნიერი პოსტების მიღმა, ხშირად უამრავი პრობლემა იმალება.
    3. სიყვარულს ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს.
    4. ხშირად დატოვეთ მობილური სახლში, რამდენიმე საათით მოწყდით ინტერნეტს და გაისეირნეთ პარკში, ისაუბრეთ, უყურეთ ფილმს ან გააკეთეთ საჭმელი ერთად.
    5. გათიშეთ ინტერნეტი ძილის წინ.
    6. ნუ დაიწყებთ ლოგინში ფეისბუქის ან ინსტაგრამის თვალიერებას, გაცილებით საინტერესოდ შეგიძლიათ ღამის გატარება.
    7. და თუ მაინც ვერ წყდებით მობილურს, გაუზიარეთ თქვენი სოციალური სამყარო თქვენს პარტნიორს: ერთად დაათვალიერეთ საერთო ნაცნობების ფოტოები, უყურეთ საინტერესო ვიდეოებს, ისაუბრეთ და გაუზიარეთ აზრი ერთმანეთს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი